დაკრძალვის უცნაური რიტუალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან


● ენდოკანიბალიზმი
ზოგიერთ კულტურაში გარდაცვლილის საუკეთესო პატივისცემად მისი სხეულით ნადიმობა ითვლებოდა. ანთროპოლოგების მიერ ენდოკანიბალიზმად წოდებული პროცესის მეშვეობით ახლად გარდაცვლილსა და ცოცხლებს შორის სამუდამო კავშირი მყარდებოდა. გარდა ამისა, ეს იყო საშუალება, გამოეხატათ ზიზღი და შიში, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილსა და მის ტრაგიკულ თანმხლებ მოვლენებს. დღესდღეობით ეს პრაქტიკა აღარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ გვაქვს ცნობები), ხოლო წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული პაპუა-ახალ გვინეელ მელანეზიელებსა და ბრაზილიელ ვარის ტომელებში.



● ტიბეტური დაკრძალვა
რატომ უნდა გამოიკვებო გვამით, როცა შეგიძლია, ფრინველები დაანაყრო? ტიბეტელი ბუდისტები გარდაცვლილის სხეულს რამდენიმე ნაწილად ჭრიან და გარეულ ცხოველებს, უფრო ხშირად ლეშიჭამია ფრინველებს უტოვებენ. ზოგჯერ სხეული ხელუხლებელია, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს ხარბი სვავებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია შემზარავი ჩანს, ის არ ეწინააღმდეგება ბუდისტურ იდეოლოგიას. ტიბეტელთა 80% ამ ფორმის მომხრეა და არ სურთ დამარხვა და საფლავზე სიარული. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ხერხით ხელს უწყობენ სიცოცხლის განვითარებას, ანაყრებენ რა ცოცხალ არსებებს, რაც ერთგვარი თანაგრძნობა და მოწყალებაა.

 


● დაკიდული საფლავები
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა ბოს ხალხი, სანამ მინგის დინასტიამ არ ამოწყვიტა 5 საუკუნის წინ. დღესდღეობით ბოს ხალხი დავიწყებას მიეცა და მათ მოსაგონრად კლდეზე დაკიდული საფლავებიღა დარჩა – ეს ხის ზარდახშები ზოგჯერ 100 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. 160 კუბო კლდეების გასწვრივ, ბუნებრივი გამოქვაბულების სიახლოვეს განალაგეს და საყრდენად ხის სარები შეუდგეს. კლდეებზე შემორჩენილია ინგურით (წითელი საღებავი) შესრულებული ნახატებიც, რომლებიც ბოს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ადგილობრივები მივიწყებულ ცივილიზაციას მოიხსენიებენ, როგორც „კლდის შვილებსა” და „ცის მორჩილებს”. თუმცა დასაფლავების ასეთი რიტუალის მიზეზი დღემდე უცნობია.

 


● სატი
ამჟამად ეს ტრადიცია ინდოეთში კანონით აკრძალულია, წარსულში კი ახლად დაქვრივებული ქალები ქმრის დაკრძალვისას თავს მსხვერპლად წირავდნენ და სამგლოვიარო კოცონში ცოცხლად იწვოდნენ. ზოგადად მიიჩნეოდა, რომ ეს ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იძულებაც არ ყოფილა იშვიათი, ხშირად ქალები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავდათ და ცეცხლში აგდებდნენ. უცნობია, რამ გამოიწვია ამ ტრადიციის გაჩენა, ერთ-ერთი ვერსიით, ასე ამცირებდნენ ცოლის მიერ ქმრის მკვლელობის (როგორც წესი, საწამლავით) შემთხვევებს, რისი მიზეზიც საყვარელზე დაქორწინება იყო. ასევე შესაძლოა, ეს იყო გზა, რომ ცოლ-ქმარი სიკვდილის შემდეგაც ერთად ყოფილიყო და ქმრის სული მდედრ ანგელოზებს არ მოეხიბლათ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი არც პირველი იყო და არც ერთადერთი, რომელსაც ეს ტრადიცია ჰქონდა, მსგავსი რამ გვხვდება ძველ ეგვიპტელებში, ბერძნებში, გუთებსა და სკვითებში.

 


● ვიკინგური დაკრძალვა
ინდოელ ქალებზე არანაკლები მძიმე ხვედრი ელოდათ ვიკინგთა ტყვე ქალებს. ბელადის დასაფლავების შემდგომი რიტუალი განსაკუთრებით სასტიკი იყო: მის გვამს ათავსებდნენ დროებით საფლავში 10 დღით და ახალი ტანისამოსის დამზადებას იწყებდნენ. ამ პერიოდში ერთ-ერთი ტყვე გოგონა „სურვილს გამოთქვამდა”, შეერთებოდა ბელადს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში. მას დღისა და ღამის განმავლობაში დარაჯობდნენ და უხვად ასმევდნენ მათრობელა სასმელებს. კრემაციის ცერემონიის დაწყებისას გოგონა კარავიდან კარავში დადიოდა, რათა ყველა მამაკაცთან ჰქონოდა სექსი. სექსის, უფრო სწორად გაუპატიურების დროს, მამაკაცები გოგონას ბელადთან აბარებდნენ, რომ ამას მხოლოდ მისი პატივისცემის გამო აკეთებდნენ. ამის შემდგომ მოდიოდა 6 ვიკინგი მამაკაცის ჯერი, რასაც თოკით დახრჩობა მოჰყვებოდა ხოლმე. საბოლოოდ გოგონასა და ბელადის გვამებს ხის გემზე ათავსებდნენ და წვავდნენ. ვიკინგები ამ ტრადიციას იმისთვის მისდევდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ, ტყვე გოგონა კარგი მსახური იქნებოდა და ბელადს ასიამოვნებდა.

 


● თითების ამპუტაცია
დასავლეთ პაპუა-ახალ გვინეაში მობინადრე დანის ტომს ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიდან გამოწვეული მწუხარების აღსანიშნავად თითების მოჭრის ტრადიცია ჰქონდა. ამ გაუგებარი და სასტიკი რიტუალის შესრულება სავალდებულო იყო გარდაცვლილის ყველა ახლობელი ქალისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თითების მოკვეთით აამებდნენ და ამავე დროს იშორებდნენ სულებს, ასევე ეს იყო ტანჯვისა და გლოვის გამოხატულება. მოკვეთა ნაჯახით ხდებოდა, მანამდე კი ბაწრით მაგრად კრავდნენ. მოჭრილ ნაწილს აშრობდნენ და წვავდნენ, ფერფლს კი სპეციალურ ადგილას ინახავდნენ. ამჟამად ახალ გვინეაში ეს რიტუალი აკრძალულია, თუმცა მის კვალს ისევ შეხვდებით მოხუც ხალხში.

 


● ფამადიჰანა
მადაგასკარში მობინადრე მალაგასიელებისთვის უცხოა ფრაზა „მშვიდად განისვენე”. იმისთვის, რომ დააჩქარონ ხრწნის პროცესი, რაც აღიქმება აუცილებელ პროცესად სულის ამქვეყნიერებიდან სამუდამო ცხოვრებაში გადასანაცვლებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ მალაგასიელები თხრიან ხოლმე გვამს და ნარჩენებს ახვევენ სუფთა ქსოვილებში. ამის შემდეგ ისინი გვამთან ერთად ცეკვავენ საფლავის გარშემო ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფამადიჰანას რიტუალი 7 წელიწადში ერთხელ სრულდება, მას 3 საუკუნის ისტორია აქვს და ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიები დიდი ხანია, მის აღმოფხვრას ცდილობენ.

 


● ტოტემის ბოძები
ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრებ ჰაიდას ტომელებში გავრცელებულია ტოტემის ბოძები, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამოსახულებები. როგორც წესი, გარდაცვლილთა სხეულებს მასიურ ორმოში ყრიდნენ და მათ ცხოველები შეექცეოდნენ, თუმცა სხვანაირი სიტუაცია იყო ბელადის, შამანისა და მებრძოლის სიკვდილის შემთხვევაში: გვამს დიდი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხელკეტებს, სანამ რბილ მასად არ იქცეოდა და მისი ხის ყუთში მოთავსება გახდებოდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ამ ყუთს ათავსებდნენ გარდაცვლილის სახლის წინ, ტოტემის ბოძის თავზე, რომლის გამოსახულებაც მისი სულის მცველი იქნებოდა სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში. აქ ჩამოსულ მისიონერებს ხშირად აცბუნებდათ ამ ბოძების ხილვა, უფრო შემაწუხებელი კი იქიდან გამომავალი სურნელი იყო.

 


● ავსტრალიელი აბორიგენების რიტუალი
ავსტრალიელ აბორიგენებში ქონების ანდერძით დანაწილების შემდეგ გვამი შემაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა და ტოტებითა და ფოთლებით იფარებოდა, შემდეგ კი გახრწნას ელოდებოდნენ, რასაც ზოგჯერ თვეები სჭირდებოდა. რიგ შემთხვევებში აგროვებდნენ სხეულიდან გადმოღვრილ სითხეს და ახალგაზრდა მამაკაცებს ტანზე ასხამდნენ, რათა გარდაცვლილის დადებითი თვისებები გადასცემოდათ. ძვლებს აცალკევებდნენ და წითელი ჟანგმიწით ღებავდნენ, შემდეგ კი გამოქვაბულში ათავსებდნენ, ზოგჯერ კი ერთი წლის განმავლობაში ოჯახის წევრები ატარებდნენ. ზოგიერთ ტომში გარდაცვლილის სახელის ხსენება იკრძალებოდა და მის ქონებას არავინ ეკარებოდა. მთელი ეს რიტუალი იმისთვის ტარდებოდა, რომ სული აღარ ყოფილიყო სხეულზე მიჯაჭვული და მატერიალური სამყარო სწრაფად დაეტოვებინა.

 


● ზოროასტრული დაკრძალვა
ზოროასტრიზმის მიმდევრებში მიიჩნევა, რომ გვამი აბინძურებს ყველაფერს, რასაც შეეხება, მათ შორის მიწას, ცეცხლსა და ტანსაცმელს. თავდაპირველად გვამს „ასუფთავებენ” ხარის შარდით, რომლის მოპოვებაც მხოლოდ საზოგადოების გამოცდილ წევრებს შეუძლიათ. „გაწმენდის” შემდეგ სხეულს ტილოებში ახვევენ და მასთან ორჯერ უშვებენ საგდიდს – ძაღლს, რომელსაც ბოროტი სულების განდევნა შეუძლია. მგლოვიარეების (რომლებსაც შეხება ეკრძალებათ) მოსვლის შემდეგ გვამს ათავსებენ დახმის, იგივე დუმილის კოშკის სახურავზე და ტილოებს სპეციალური ხელსაწყოებით აცლიან. მალე კოშკთან თავს იყრიან სვავები და გვამით მოლხენას იწყებენ.

 წყარო:  https://charlius.com/2013/04/02/bizarre-death-rituals/

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!