დათო ფიფია: მე ღირსეული წინაპრების შთამომავალი ვარ


ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მეათეკლსელი დათო ფიფია ზუგდიდელების სტუმარია. დათო ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა, გარდა იმისა, რომ წარმატებული მოსწავლეა, ფეხბურთსაც კარგად თამაშობს და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვენიერ ლექსებსაც წერს.

-მე ჩხორიელი ვარ, დათო ფიფია, ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ. თავიდან, ჩხორიის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ რაც ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩავირიცხე, სკოლაშიც ზუგდიდში ვარ. საკმაოდ კარგი ბავშვობა მაქვს. ჩემი პირველი მასწავლებლის, ცხონებული თემურ ჩიქოვანის დამსახურებაა ჩემი გატაცება სპორტით. სხვა მწვრთნელებსაც ვმადლობ: მამუკა ჭაჭუა, ბორის გუგუჩია, ოთარ გვიჩიანი, თამაზ კოსტავა და გერონტი ნაჭყებიას დამსახურებაა ჩემი დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი. ფეხბურთს დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდება. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება. მე დედისერთა ვარ და ჩემი მშობლები, თავიდან, წინააღმდეგი იყვნენ ფეხბურთი ჩემი მთავარი საქმე გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ თვითონაც შეეჩვივნენ. ასე, რომ უკვე, მოულოდნელი არავისთვის არ იქნება თუ ჩემი მომავალი პროფესია სრულად დაუკავშირდება ფეხბურთს.
– ვინ არის ფეხბურთში შენი იდეალი?
-ლეო მესი, ქართველი ფეხბურთელებიდან კი, დავით ყიფიანი.
– შენი ფეხბურთით გატაცების შესახებ გავიგე, მაგრამ ისიც ვიცი პოეზია გიყვარს ძალიან, თავადაც ხარ არაერთი პოეტური სტრიქონის ავტორი.
– ერთ მშვენიერ დღეს, წავედით მდინარე მახარიაზე მეგობრებთან ერთად. საპიკნიკოდ რომ დავსხედით, ბიძაჩემმა რევაზ ფიფიამ წაგვიკითხა ერთი ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა, სული ამიფორიაქა, ჩამაფიქრა, მაწვალა და… ისე მოხდა, რომ ჩემი ემოციები ლექსად ჩამოვაყალიბე. ახლა უკვე ლექსის წერა ცხოვრების წესად მექცა, – კვირა არ გადის ისე, ლექსი რომ არ დავწერო. ორი საყვარელი საქმე მაქვს უკვე: ფეხბურთი და ლექსი. როცა ლექსებს ვწერ,  ვმშვიდდები, ასევე ვმშვიდდები ფეხბურთის თამაშის დროსაც. ამიტომ, მე, ჩემს თავს ვხედავ პოეზიაშიც და ფეხბურთშიც.
-შენ პოეზია პატრიოტულ მოტივზეა აგებული, როგორი საქართველო გეოცნებება?
– მინდა საქართველო, იყოს გამთლიანებული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც მე ეს ჩემს ერთ ლექსში მაქვს: “წინაპრები გვიყურებენ, ამაყობენ ჩვენით, გავაცოცხლეთ ძველი მიწა და განვდევნეთ მტერი”…
– უფროსებს ხშირად პრეტენზიები აქვთ თქვენს თაობასთან…
-ჩემი თაობა ხშირად დაბოღმილი და შურიანია. მიკვირს, რატომ უნდა იყვნენ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ახალგაზრდები ასეთი განწყობით. ვფიქრობ, კომპიუტერმა შეცვალა ჩვენი ბავშვური ცხოვრება…
-ფიფიები, თქვენი ოჯახი, თვალსაჩინო ჩხორიელები ხართ…
-ვამაყობ ჩემი წინაპრებით. ბაბუაჩემი, ცხონებული დავით ფიფია იყო ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ფეხით დადიოდა თურმე ილორის ეკლესიაში რომ წირვა-ლოცვა აღესრულებია, მისი ძმა გიორგი ფიფია, მათემატიკოსი გახლდათ,- რამდენიმე წიგნის ავტორი, არაერთი სახელოვანი ადამიანის აღმზრდელი. მე ვალდებული ვარ, ჩემი ცხოვრებით ჩრდილი არ მივაყენო მათ სახელებს. ჩემი მშობლებიც პატიოსანი, მშრომელი ადამიანები არიან. დედა აზა ჭითანავა დიასახლისია. მამა ელგუჯა ფიფია ინჟინერია. მათი ოცნებაა იმ საქმით, რასაც მოვკიდებ ხელს და შევისწავლი, გამოვადგე ჩემს სამშობლოს, ქალაქს, სოფელს, ადამიანებს. გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი ოჯახისგან ამას ელოდება საზოგადოებაც.

როზა როგავა

 

საქართველოს
ჩემი ენა მდიდარია
სიტყვა-მჭრელი, ბასრი,
ჩემდათავად ყველას გეგრძნოთ
წუთისოფლის ფასი.

ვინატრებდი, ჩემი მხარე
აღვსილიყოს მადლით.
ერთმანეთით ვამაყობდეთ,
დღისითა და ღამით.

უფლის ნებით გაგვითენდეს
დღედ წყვდიადის ღამე,
დრო მოვიდა დაგვიბრუნდეს
დაკარგული მხარე.

საქართველო, საქართველო!
ვყვირი ბოლო ხმაზე
“გათენდება” შემოვდგები
აფხაზეთის მთაზე.

ჭრილობები უშუშდება
ფრთამოტეხილ არწივს,
მალე ვნახავთ ჩვენს მიწა-წყალს
ორ ზღვას შუა გაშლილს,

გავფრინდებით ოსეთისკენ-
ყივის, გვიხმობს მიწა.
უფლის მადლით დავიბრუნებთ
სამაჩაბლოს მიწას.

საქართველო, საქართველო!
ვყვირი ბოლო ხმაზე,
ფრთაშესხმული მოგვევლინა
ჩვენი წმინდა მხარე.

წინაპრები გვიყურებენ
ამაყობენ ჩვენით,
გავაცოცხლეთ ძველი მიწა
და განვდევნეთ მტრები!
დათო ფიფია

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!