- ახალგაზრდა შემოქმედი დავით ფიფია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიიდანაა. გარკვეული დროის განმავლობაში, თამაშობდა ფეხბურთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში, იმავდროულად წერდა ლექსებს.
“ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ წერა 4 წელია დაიწყო. “მიყვარს კითხვა. საყვარელი პოეტები გახლავთ: გალაკტიონ ტაბიძე და ტერენტი გრანელი”.
…
მე თქვენ მიყვარხართ, ვიმეორებ, მიყვარხართ ყველა,
საკუთარ თავსაც დავივიწყებ ზოგიერთისთვის,
არის მომენტი, როგორც ღმერთი, ვზივარ და ვღელავ,
ვღელავ და ბოლო დაეკარგა ვაება სიკვდილს…
ჩემთან წამოდით, მნიშვნელობა არა აქვს საით,
მეც სულ შემთხვევით მოვევლინე, იანვრის დელგმას,
ეამა ყველას, სიყვარული ვიგრძენი მაშინ
არავარ ბავშვი, გავიზარდე, ძალიან ვღელავ…
და რომ მიყვარხართ, მაპატიეთ, არ შემიძლია,
არ შემიძლია გავაყალბო ჩემი გრძნობები,
როგორც ამბობენ, როგორც თქვეს და როგორც იტყვიან,
ამ წუთისოფელს წუთი-წუთზე ვემშვიდობებით.
სისულელეა ეს ცხოვრება უსიყვარულოდ,
ჰოდა, მიყვარხართ, მეყვარებით, უფალს ვფიცავარ!
უნდა გტკიოდეს უჩემობა, მაგრამ გაუძლო,
ასე მგონია, სამუდამოდ მაშინ მიწამებ!
ღმერთია ჩვენში, ჩვენს თვალებში მოსჩანს ირიბად,
გუშინ მციოდა, დღეს, შენ შემხვდი, უკვე დარია,
ნეტარ არიან, ვინც ბიბლია გადაიკითხა
და შეიყვარეს სიყვარული – ნეტარ არიან!
დათო ფიფია