„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ პარტია არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებს. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა.„განვლილი თვეების მანძილზე ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, ძალადობით, აფეთქებით. დღეს ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებული იქნა დარღვევების მთელი სპექტრი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეგზიტპოლის პირველადი შედეგებითაც კი ბიძნა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო ხალხის ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის პირველი შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” გამოკითხულთა – 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 32,74%.
მისივე თქმით, 33% იმ ამომრჩევლისა, რომელმაც არ დაასახელა თუ ვის მისცა ხმა ძალიან მაღალია.
„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ 33%-ის დიდი ნაწილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ენმ დაიკავებს პირველ ადგილს“, – განაცხადა ბაქრაძემ.