დიახ, გზა ცელოფანგადაფარებულ საწოლამდე – ზუგდიდური რეალობაა.
ზუგდიდელი 78 წლის ციალა ჯოჯუა თვეზე მეტია გამგეობის წინ მართავს აქციას, გამოტანილი აქვს საწოლი, სადაც წევს ცელოფანგადაფარებული, იქვე ჭამს, სვამს, იბანს და ა. შ. მისი და მისი შვილის ლალი ცირდავას მოთხოვნაა ყოფილი საკონსერვო ქარხნის ორსართულიან საცხოვრებელ სახლში,
მდებარე თამარ მეფის ქუჩაზე #1 –ში, ადრე მის სარგებლობაში არსებული ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემა.
აქციას, პარალელურად, შეუერთდა გოგი თოდუას ოჯახი, რომელიც ასევე ითხოვს თამარ მეფის ქუჩაზე #1–ში მის მიერ დაკავებული ფართის და თამარ მეფის ქ #10–ში, ბინა #16 – ის საკუთრების უფლების მოწმობის მიღებას. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ თაღლითურად წაართვეს ბინები ს.ს ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების წარმომადგენელმა ზურაბ ალანიამ და მეკონსერვეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ ციცო მამარდაშვილმა. zugdidelebi.ge – სთან საუბრობს ზურაბ ალანია.
“-როდესაც დაიწყო თამარ მეფის ქუჩაზე #10 – ში მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინების განაწილების პროცესი, შედგა ერთობლივი კომისია: ზუგდიდკონსერვის ქარხნის ადმინისტრაციის, ზუგდიდკონსერვის ქარხნიდან ბინის მიმღებთა რიგში მყოფთა საინციატივო ჯგუფის, ზუგდიდის ლუდის ქარხნის შპს ფირმა „ენგური“–ს, ზუგდიდის კომუნალური მეურნების მრავალდარგოვანი გაერთიანების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტის მონაწილეობით. ერთობლივი კომისიის მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ყველა იმ ბინაზე თავისი ორგანიზაციის კრების სხდომის ოქმი, თუ ვისზე ნაწილდებოდა ბინები. ზუგდიდკონსერვის ქარხნის ადმინისტრაციამ და ზუგდიდკონსერვის ქარხნიდან ბინის მიმღებთა რიგში მყოფთა საინციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ც. მამარდაშვილმა წარმოადგინეს კრების სხდომის ოქმი 49 მობინადრეზე, მაშინ როცა ბინის მიმღებთა რიგში იყო 130 კაცზე მეტი. ასევე გადაწყდა, ყველა ის მობინადრე, რომელსაც იმ მომენტისთვის, გააჩნდა საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით თამარმეფის ქუჩა #1 –ში, თუ კი მიიღებდნენ ბინებს თამერ მეფის ქუჩა #10–ში, მაშინ ჩააბარებდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ფართებს და შემდგომ მიიღებდნენ თამარ მეფის ქუჩა #10–ში მიღებული ბინების საკუთრების მოწმობებს (ასეთი განაწილებისას, აღმოჩნდა სამი ოჯახი: ც. ჯოჯუა, გ. თოდუა და გ. ქვარაია). თამარ მეფის ქუჩა #1–ში გამონთავისუფლებული ბინები კი განაწილდებოდა მათზე, ვინც ვერ მიიღებდა საცხოვრებელ ფართს თამარ მეფის ქუჩა #10–ში.
ც. ჯოჯუამ მის მიერ თამარ მეფის ქუჩა #1–ში დაკავებული ორო ოთახის სანაცვლოდ, მიიღო თამარ მეფის ქუჩაზე #10 –ში ბინა #14 ( 45 კვ/მ), ამასთანავე, მიღება- ჩაბარების აქტით ჩააბარა თამარ მეფის ქუჩა #1–ში დაკავებული ორი ოთახი, მანვე მიიღო თამარ მეფის ქუჩა #10 –ში ბინა #14–ის საკუთრების მოწმობა და 2012 წლის ივნისში გადავიდა საცხოვრებლად თამარ მეფის ქუჩაზე #10 სახლში, ბინა #14–ში. ც. ჯოჯუას მიერ გამონთავისუფლებული ბინა, ერთობლივი კომისიის, ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადამცემი კომისიის და ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2009 წლის 23 ივლისის #565 ბრძანების საფუძველზე, გადაეცა ბინის მიღების აღრიცხვაზე მყოფ შელეგიების ოთხსულიან ოჯახს. რომლებიც იყვნენ უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი. შელეგიების მამა იყო ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილე და დღეს სწორედ ეს ოჯახი ცხოვრობს ც. ჯოჯუას გამონთავისუფლებულ ბინაში. აღნიშნულ საკითხზე მობინადრეებთან შეხვედრებისას, განსაკუთრებულად აქტიურობდა გ.თოდუას ოჯახი, მათ უნდოდათ ორივე ადგილას მიეღოთ საცხოვრებელი ფართი. ბინების განაწილებაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედგენილია ოქმები, სადაც ნათლად წერია, ის ხალხი, რომელიც მიიღებს ბინებს თამარ მეფის ქუჩა #10–ში, ჩააბარებდნენ ძველ ბინებს, მდებარე თამარ მეფის ქ #1–ში. ერთობლივი კომისიის სხდომის ოქმები გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც განხილულ იქნა გამგეობასთან არსებული „საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების გადამცემ კომისიაზე“. კომისიამ ოქმები განიხილა, შეისწავლა და დაიტოვა უცვლელად, ვინაიდან ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. მიღებული გადაწყვეტილება წარედგინა ზუგდიდის რაიონის მაშინდელ გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. წარდგენის შემდეგ, გამოცემულ იქნა ზუგდიდის მუნიცპალიტეტის გამგეობის #565 ბრძანება. სადაც ბრძანების მესამე პუნქტში ნათლად წერია: „დაევალოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს თ. ქობალიას, საკუთრების უფლების მოწმობები გაიცეს გული ქვარაიაზე, ციალა ჯოჯუაზე და გოგი თოდუაზე. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩააბარებენ მათ სარგებლობაში თამარ მეფის ქ.#1-ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს და წარმოადგენენ შესაბამის მიღება – ჩაბარების აქტებს“. ბატონი გოგი თოდუა არ დაეთანხმა ბრძანების მესამე პუნქტს და სასამართლო წესით გაასაჩივრა 2010 წელს. სასამართლომ განიხილა ეს საკითხი, მაგრამ სარჩელის უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ჩათვალა, რომ გოგი თოდუას მიღებული აქვს ორი ბინა და ეს საკმარისზე მეტია ოთხსულიანი ოჯახისთვის, მაშინ როცა, მათთვის შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ოროთახიანი ბინის გაცემა და ისიც ძველი ბინის დათმობით. აღსანიშნავია, რომ საკონსერვო ქარხნის დირექციამ დიდი ლოიალობა გამოიჩინა მათ მიმართ და თოდუების ოჯახს გადასცა ორი ბინა – ორი და სამოთახიანი. მაშინ, როცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, სრულიად საკმარისი იყო ერთი ოროთახიანი ბინის გაცემა. რაც შეეხება ბინის საკუთრების მოწმობას, სამ ოთახიან ბინაზე მიიღო ერთმა კაცმა–გოგი თოდუას ვაჟმა რობერტ თოდუამ, ხოლო ოროთახიანი ბინის საკუთრების მოწმობა გოგი თოდუას არ მიუღია თამარ მეფის ქ #1–ში მის სარგებლობაში არსებული ფართის არ ჩაბარების გამო. საკუთრების მოწმობა ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
2014 წლის იანვარში, ციალა ჯოჯუამ და მისმა შვილმა ლ. ცირდავამ რომელიც ორგანიზატორია გ. თოდუასთან ერთად აღნიშნული აქციის, თვითონ გაასხვისა თამარ მეფის ქ #10–ში მდებარე თავის საკუთრებაში არსებული ბინა #13 და დედის ც. ჯოჯუას საკუთრებაში არსებული ბინა #14 ვინმე გურამ ხუფენიაზე (აღნიშნულ ყიდვა – გაყიდვაზე არსებობს ამონაწერი საჯარო რესტრიდან), რაზეც მათ აიღეს საკმაოდ სოლიდური თანხა და წავიდნენ უკრაინაში საცხოვრებლად. აღებული თანხა დახარჯეს და ახლა ითხოვენ თამარ მეფის ქუჩა #1–ში, ადრე მათ სარგებლობაში არსებულ და სხვაზე გადაცემული ბინის საკუთრებაში მიღებას. ასევე უკანონოდ საკუთრების მოწმობის მიღებას ითხოვს გ. თოდუების ოჯახი თამარ მეფის ქუჩა #10–ში, რომლებიც არ აბარებენ თამარ მეფის ქუჩა #1–ში დაკავებულ ფართს და არ აძლევენ საშუალებას სხვას, მიიღოს გამონთავისუფლებული ფართი კანონიერ საკუთრებაში. (კერძოდ ჯემალ თორდიას ოჯახს).
ასევე მინდა აღვნიშნო რომ 2012 წლის დეკემბრიდან თამარ მეფის ქუჩა #1–ში შექმნილია საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი ფართების მფლობელთა მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მეკონსერვე –2“ (თავმჯდომარე ც. მამარდაშვილი), რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ სახლში საცხოვრებელ და არასახოვრებელ, შენობაზე დამაგრებულ მიწასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტონ თვითონ ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ასე რომ იმ საკითხთან, რასაც უკანონოდ აყენებენ ც. ჯოჯუა, ლ, ცირდავა და გ. თოდუა ს.ს ზუგდიდის კომუნალური მეურნების მრავალდარგოვან გაერთიანებას არავითარი შეხება არა აქვს.
რეზიუმე ძალიან მოკლედ: აქციის მომწყობ ლალი ცირდავას და მის დედას ციალა ჯოჯუას, თითოეულს მიღებული აქვს: ლალი ცირდავას ერთოთახიანი ბინა, მის დედას ოროთახიანი ბინა, რომლებიც გაერთიანებულად გაასხვისა ქალბატონმა ლალი ცირდავამ მოქალაქე გურამ ხუფენიაზე. რაზეც არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერები.
მოთხოვნა მათთვის მესამე ბინის მიცემის შესახებ, არის არაკანონიერი. კეთილი ნების გამოხატვის შემთხვევაში, მათი დაკმაყოფილება უნდა მოხდეს საკონსერვო ქარხნის ამხანაგობის საერთო კრების და ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით.”
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ