გებჟალია, მზისადმი მიძღვნილი მეგრული კერძი


  • გებჟალია მეგრული სამზარუელოს მშვენებაა. იცოდით, რომ სამეგრელოში რძეს და მზეს მეგრულად ერთი სახელი აქვს-“ბჟა”.  აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეგრელები, გებჟალიას მომზადებისას,  მზისადმი მიძღვნილ რიტუალს ასრულებენ.

ფორმაც მრგვალი აქვს გებჟალიას და როცა ჭრიან, თითქოს სხივებს ქმნის სხვადასხვა სპექტრით… გებჟალიას, სხვადასხვა კუთხეში, დიასახლისები, რძეს, არაჟანს, ხაჭოს, ან სულაც მაწონს ამატებენ. მეგრული გებჟალია არ უნდა “ტივტივებდეს” სითხეში. მას ის წვენი ჰყოფნის, რომელიც  მდუღარედან ამოღებულ ნამდვილი ყველს დამუშავებისას გამოსდის. გებჟალიას, მეგრელები ღომთან ერთად მიირთმევენ. არის ღომი და გებჟალია? სუფრა მდიდარია, კალორიული, ჯანმრთელი.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ  სასულუგუნე ყველი, ან ახალამოყვანილი უმარილო სულგუნი;
  • 1 საშუალო კონა პიტნა,
  • მწიკვი ხმელი ქონდარი
  • 1 ცალი ცხარე, მწვანე წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

კარგად დავნაყოთ პიტნა, წიწაკა და მარილი, შევურიოთ ქონდარი. ყველი დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად და ჩავაწყოთ ცხელ წყალში. დავაყოვნოთ 3-5 წუთი და გავსინჯოთ: თუ ყველი გაიწელა, ამოვიღოთ, ფაიფურის ლანგარზე გავშალოთ, ხელით გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, მკვრივი მასა მივიღოთ. გავაბრტყელოთ სასურველ სისქეზე, წავუსვათ პიტნა, გადავახვიოთ, მრგვალი ფორმა მივცეთ და გულიდან კიდისკენ დავჭრათ. დამუშავების პერიოდში მას გამოსდის სითხე, რომელიც სამყოფია გებჟალიასთვის, როგორც წვენი. გებჟალია უნდა მივირთვათ გაცივებული. ასე უფრო სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

და კიდევ: მეგრელი დიასახლისის საიდუმლო: ყველის თბილ მასას დიდხანს ნუ ჩავზილავთ, გებჟალია ზედმეტად მკვრივი იქნება და არასასიამოვნო საჭმელი. მსუბუქად გადაზელილი ყველისგან მომზადებული გებჟალია რბილი და ჰაეროვანია.

შეგერგოთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!