გაიმართა “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” კანონის პროექტის საჯარო განხილვა


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. 

ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუძღვნენ. საჯარო განხილვაზე, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის საჭიროებასა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა. “ჩვენი ხელისუფლება პრიორიტეტად აცხადებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერას. ჩვენ უნდა გავუწიოთ პოპულარიზება ჯანსაღი ცხოვრების წესს ახალგაზრდებში. დარწმუნებული ვარ, ამ განხილვების შედეგად ჩვენ შევძლებთ მივიღოთ მაქსიმალურად გამართული, დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც რეალურად იმუშავებს სპორტის მხარდაჭერაზე“- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. 
კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით ტარდება. განხილვაში მონაწილეობის მიღება და ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრას, მოქალაქეებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს წევრები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

 საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!