დღეს, კულტურის ცენტრ „ოდიშში“, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე იმყოფებოდა. ის ამომრჩევლებს ესაუბრა საარჩევნო პროგრამაზე და იმ გეგმებზე, რასაც მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.
პაატა ბურჭულაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე და მასთან დამოკიდებულებაზე. „25 წელია ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და ყველაზე დიდი წვლილი ამაში მიუძღვის ერთდაერთ ადამიანს, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოუცხადა საქართველოს, ეს არის ზვიად გამსახურდია. მე მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის. ის იყო ადამიანი რომელმაც შეიტანა დიდი წვლილი საქართველოს ისტორიაში, მე ვიცნობდი მას პირადად, მე მას გვერდში ვედექი მაშინ, როდესაც იყო განმანთავისუფლებელი ბრძოლა და მან არაერთხელ შემომთავაზა პოლიტიკაში მოსვლა. მაშინ მე ვუთხარი: ბატონო ზვიად, მე დამიყენეთ გვერდში როგორც გჭირდებით, მე სხვა საქმეს მივხედავ, რასაც თქვენი მთავრობა დამავალებს ყველაფრის გამკეთებელი ვარ მეთქი. მე ყველა პრეზიდენტს დავუდექი გვერდში, შევარდნაძე იყო, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, თავიდან ყველამ კარგად დაიწყეს, ბოლოს კი ძალიან ცუდად დაამთავრეს. რა გვჭირს ჩვენ, ქართველებს, რომ 25 წელი ასეთ გასაჭირში ვცხოვრობთ? 25 წლის წინ ვიყავით ხუთნახევარი მილიონი დღეს ვართ სამი მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, მილიონ რვაასი ათასმა ადამიანმა მიატოვა ნანატრი თავისუფალი საქართველო და გაიქცა საზღვარგარეთ, რომ თავის ოჯახს აჭამოს საჭმელი“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EhnIIySjIr8[/embedyt]
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა ისაუბრა მოძრაობის სოციალურ პროგრამაზე და პრიორიტეტულ საკითხებზე. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო პენსიონერებს 250 ლარამდე გაუზრდის. მან ასევე, ისაუბრა ჯანდაცვის რეფორმაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურად დაუცველთა პროგრამაზე, განათლებაზე, მიწის რეფორმაზე და დევნილებზე. „რაც ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან ამოიყვანს, ეს არის განათლება და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. ყველა სკოლის მოსწავლეს გადასცემს 1200 ლარიან სასწავლო ვაუჩერს და მშობლებს აღარ ექნებათ იმის შიში, რომ შვილებს მისცეს სრულფასოვანი განათლება“. მან ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო განათლებაზე.
ამომრჩევლებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ ცხადაიამ. “მე დარწმუნებული ვარ, ბატონ პაატასთან და გუნდთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ყველა პრობლემის გადაწყვეტას და მიზნების განხორციელებას, რითაც, ყოველთვის ჩვენ ვიყავით ღირსეულნი.“
შეხვედრის ბოლოს, პაატა ბურჭულაძემ ამომრჩევლებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კანდიდატად წარუდგინა დავით დგებუაძე. „ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც რეალურად შესძლებს ხიდი იყოს მოსახლეობასა და საკრებულოს შორის. ვეცდები, მივიტანო თითოეული უბნის ოჯახის გასაჭირი, და ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და გამოვასწორო ის სიტუაცია რაც დაგროვილია ჩემს უბანში.“