ქალაქ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. ქალაქის მე-16, მე-10 , მე-14 და მე-15 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის გამო სასწავლო პროცესი არ განახლდება 14 სექტემბერს.
უახლოეს პერიოდში დაიწყება NN5, 6 საბავშვო ბაღების გადახურვითი სამუშაოები, N13 საბავშვო ბაღში კი, მოხდება სრული რეაბილიტაცია. ერთ-ერთი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციიისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით NN14 და 15 ბაღებში კეთდება ბუნებრივ ეკოგათბობა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში ამბობენ, რომ ყველა ბაღი მოითიბა, დარიგდა საღებავები, სამეურნეო და საკანცელარიო ნივთები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშიც სწავლის გადადება განაპირობა ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რემონტდება ინგირის, ბაშის, ორსანტიის, ჭაქვინჯის, ბაღმარანის, რიყის, ახალაბასთუმნის, ქვემოკახათისა და დარჩელის საბავშვო ბაღები. რამდენიმე ბაღში ჯგუფების გაზრდასთან დაკავშირებით იგეგმება მაცივრებისა და გაზქურების დამატება.