- “ზუგდიდელების” სტუმარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში, ანზორ ბერიშვილი.
-რა გინდათ ზუგდიდელებმა თქვენზე იცოდნენ?
-ნარაზენელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ დავამთავრე სოფელ ნარაზენის საშუალო სკოლა. შემდეგ საქართველოს სუპტროპკული მეურნეობის ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით. სხვადასხვა დროს, ვმუშაობდი ხეცერის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად, 1984 წლიდან გადავედი თბილისში საცხოვრებლად და ვმუშაობდი სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში დირექტორის მოადგილედ, საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე დირექტორის მოადგილედ. შეთავსებით ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე აგრონომად, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორის მოადგილედ და მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორად. 2015 წლიდან გადმოვედი საცხოვრებლად ზუგდიდის რაიონში. ვიმუშავე თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აგროკონსულტანტად. 2022 წლიდან ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში.
-ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა იმ სოფლის ხელმძღვანელობა, სადაც დაიბადეთ, გაიზარდეთ და თქვენი ახლობელი ადამიანები ცხოვრობენ.
-სადაც არ უნდა იმუშაო, უპირველესად, უნდა იყო ხალხთან, უნდა იცნობდე მათ საჭიროებებს, ხელი უნდა შეუწყო მათი პრობლემების მოგვარებას, უნდა გრძნობდე სოფლის მაჯისცემას. წლების მანძილზე, თბილისში ცხოვრების მიუხედავად, სოფელთან კავშირი არ გამიწყვეტია. მე ჩემი სოფლის შვილი ვარ. ამ თანამდებობაზე ჩემი მოსვლის მიზეზი და მიზანი მხოლოდ ერთი იყო და არის – სოფლის გვერდით დგომა და ყველა იმ საკითხის მოგვარება, რაც მას და მის მოსახლეობას აწუხებს.
გზების, ხიდების და ხიდბოგირების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა სჭირდება სოფელს. სასაფლაოებია შემოსაღობი, სანიაღვრე სისტემა მოსაწყობი, ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მოსაცდელი ასაშენებელი. სამომავლოდ “ჯახუთის” გზის რეაბილიტაციას ვგეგმავთ, რომელიც ჩვენს სოფელს დააკავშირებს ხობის რაიონთან. ასევე იგეგმება ბიბლიოთეკისა და ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებას სოფელში. ვგეგმავთ მერის წარმომადგენლის ოფისის რეაბილიტაციას და აღჭურვას.
სოფლის სახელწოდების შეცვლის პროცესი დაწყებულია. ხშირად ვხვდები მოსახლეობას და ვისმენ მათ პრობლემებს. სოფლის საქმეების გამო, ხშირად, ჩემი პირადი საქმეების გადადება მიწევს. შვილებსა და შვილიშვილებს თითქმის ვერ ვნახულობ, არადა, ბავშვები იზრდებიან, მე კი ვბერდები. რადგან ტელეკომუნიკაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, ხშირად ონლაინ ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ასე ვიმსუბუქებ მონატრებას.
-როგორ ფიქრობთ, შამადელელები გენდობიან?
-ალბათ მენდობიან… რადგან აქ ვარ, მათთან ერთად… შამადელელებთან კომუნიკაცია ყოველდღიურად მაქვს და მათი პრობლემების მოგვარება საკითხის სირთულის მიხედვით გვიხდება კომპეტენციის ფარგლებში. თანასოფლელების დახმარება მათი გვერდით დგომაა. ხელმძღვანელი სამართლიანობის პრინციპით უნდა მოქმედებდეს. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, ან მას არ მოსწონდე, მაგრამ მასთან მიმართებაში ობიექტური უნდა იყო, ეს იქნება თანამშრომლობა საერთო საქმისთვის. ადამიანი არ უნდა განიკითხო და გაასამართლო, რადგან ჩვენ, ერთმანეთის მსაჯული კი არა, დამხმარეები ვართ. შურს და უსამართლო შეფასებებს თმენით უნდა შეხვდე, ამით მათ დაფიქრების საშუალებას მისცემ.
-დამთმობი თუ ხართ, ბატონო, ანზორ?
-დათმობა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, – ვარ დამთმობი… მე მჯერა, სწორი კომუნიკაციით საკითხი გვარდება.
-თემა, რომელზეც საუბარი არ გღლით?
-ნებისმიერი თემა, რაც აქტუალურია, მნიშვნელოვანია და დღის წესრიგშია, განსახორციელებელია ხალხის, ჩემი თანასოფლელების საკეთილდღეოდ, არ მღლის.
-რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება?
-წარმატებაა, როცა პროფესიონალებთან მუშაობ. მე გამიმართლა. ჩემს გვერდით, ყოველთვის, საქმის პროფესიონალი და ერთგული ადამიანები არიან. ასე იყო და ასე არის ახლაც. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრსაც ვსწავლობ.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
-მყავს მეუღლე მადონა ჭანჭალეიშვილი. ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენით. გვყავს ორი ვაჟიშვილი – ირაკლი და ლევანი, ოთხი შვილიშვილი: ცოტნე, სანდრო, ნანო და დავითი.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-მშვიდობას, ერთმანეთის პატივისცემას და ერთმანეთის სიყვარულს.
მასალა მოამზადა როზა როგავამ