ამირან გამყრელიძე – რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე


  • რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ ორ კვირასთან შედარებით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ არის გაზრდილი, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებს უკავშირდება.

როგორც გამყრელიძემ ამ შტამებზე საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები სწრაფად ვრცელდება, თუმცა რთული მიმდიანრეობა არ ახასიათებს.

„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა 7-8 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მისივე თქმით, ინფიცირებულთა დამძიმების ტენდენცია არ არის.

„დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე ჰოსპიტალში დაახლეობით 350 პაციენტი წევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია.

„მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გქვონდა მარტში, მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე გადატანით. ამიტომ შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი. მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება – იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში და რომელ კატეგორიაში შემავალ პირებს შეუძლიათ, გაიკეთონ ვაქცინის მეოთხე დოზა, ანუ მეორე ბუსტერი.

„პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები; ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება 50 წლამდე კატეგორიას, რომელში შემავალ პირებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, აქვთ მყარი იმუნიტეტი, თუმცა სურთ მეორე ბუსტერის გაკეთება, ამირან გამყრელიძე მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევს. გამყრელიძე მეოთხე დოზას დასაშვებად მიიჩნევს ასევე მოგზაურობის შემთხვევაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!