ალექსანდრე ჭავჭავაძის სტუმრობა სამეგრელოში


  • სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, დავით დადიანი და ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს დაქორწინდნენ. ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს. ამ ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სამეგრელოს მთავარმა, ლევან V დადიანმა მმართველობა თავის შვილს დავითს ჩააბარა. ახალგაზრდა შეუღლებული წყვილი სამეგრელოს მმართველობის სათავეში აღმოჩნდა.

მოგვიანებით, 1841 წელს, გაზაფხულზე, აღდგომის ტრადიციული დღესასწაულების დღეებში, ალექსანდრე ჭავჭავაძე სამეგრელოში ეწვია თავის ასულსა და სიძეს, მომავალი ცხოვრებისა და სამთავროს მართვის მრავალი პრაქტიკული ხასიათის მნიშვნელოვანი გეგმა დაუსახა, მამობრივი დარიგებითა და სიყვარულით შემოსა ახალგაზრდა მთავრები, რომელნიც დამოუკიდებელ სამთავროს უნდა გასძღოლოდნენ.

დადიანების სასახლეში სტუმრის მიღება დიდი ზეიმითა და ლხინ-მეჯლისებით აღინიშნებოდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სამეგრელოში ყოფნა საინტერესოდ აღწერა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, კრიტიკოსმა, პუბლიცისტმა, XIX საუკუნის პლუტარქედ წოდებულმა იონა მეუნარგიამ:

“ალექსანდრე ჭავჭავაძე რომ ზუგდიდს მოვიდა, 1841 წელს, ნადირობა გაუმართავთ. მწევრებიც მასვე მისცეს და შვლებიც მიურეკეს, რამდენიმე დაიჭირა, კარგი ცხენოსანი კაცი იყო. პეპუც თან გვახლდაო“- გადასცემს გრიგოლ დადიანი იონა მეუნარგიას.

ამ ჩანაწერიდან გარკვეულად ჩანს სასიქადულო სტუმრისადმი პატივისცემა. ალექსანდრე ჭავჭავაძის პატივსაცემად დაუსრულებელ ზეიმად გადაქცეული ეს დღეები დაუვიწყარი ყოფილა მთელი მხარისათვის. პოეტი მეფურად მიუღიათ და ხალხის ხსოვნაში ამ თარიღს იმგვარი ზოგადი ხასიათი მისცემია, რომ საჭიროების შემთხვევაში იტყოდნენ: “ეს მოხდა იმ დროს, როცა დადიანს ესტუმრაო!“

სტუმრის პატივსაცემად მთავარს თავის ნაკრძალში, რომელიც მას ზუგდიდის სასახლის მახლობლად ჰქონდა, დიდი ნადირობა გაუმართავს ირმებზე და შვლებზე და ისე წარუმართავთ ეს ნადირობაც, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე გამოსულიყო ბრწყინვალედ გამარჯვებული მონადირე – მწევრებიც მისთვის მიუციათ და შვლებიც მისკენ მიურეკიათ. ეტყობა დიდძალი ამალაც ხლებიათ ამ როსტევანისა და ავთანდილის მიმბაძველებს. პეპუაც თან გვახლდაო, გადასცემს მთავრის ძმა იონა მეუნარგიას. ეს პეპუა მეუნარგია ამ უკანასკნელის პაპა იყო, განთქმული მოქანდაკე და ოქრომჭედელი, ლევან დადიანის სასახლის ამალის ერთ-ერთი წევრი.

საგულისხმოა, იმავე პირისაგან პოეტის გარეგნულობის აღწერა, რომ ,,ის დავითზე დაბალი იყო ტანით, ,,или одного роста“, აქ საინტერესოა თუ რომელ დავითს ადარებს იგი მას, თუ თავის ძმას – სამეგრელოს მთავარს, ეს კი ჩამწერისათვის მიუწვდომელი იქნებოდა, რადგან იგი დავით დადიანს ვერ მოსწრებია და ვერც მის სიმაღლე – ტანადობას წარმოიდგენდა. საფიქრალია, რომ იგი დავით ჭავჭავაძეზე უთითებდა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟზე, რომელიც აგრეთვე საშუალო ტანისა ყოფილა.

ამასვე ადასტურებს ქეთევან ორბელიანიც, იონა მეუნარგიასთან საუბარში იგი ამბობს: ,,ალექსანდრე შუათანა ტანისა, კარგი თვალადი, კარგი ზრდილი, თავმდაბალი, როგორც ეკადრებოდა დიდი კაცის შვილს, კარგი მოლაპარაკე იყოვო.“

ალექსანდრე ჭავჭავაძე თავის სიძის – დავით დადიანის მუდმივი მრჩეველი და დამრიგებელი იყოვო, – წერს მეუნარგია დასახელებულ ნაშრომში. ეს რჩევა არც ამ საზეიმო დღეებს შეუნელებიათ. მთავარი სწორედ ამ ხანებში აპირებდა თავის საზაფხულო რეზიდენციაში – გორდში ახალი სასახლის აგებას. ძველად და ლევანის დროსაც აქ უბრალო მეგრული ოდა მდგარა, სადაც ღამეს ათევდნენ მხოლოდ სანადიროდ ამოსული მთავრები.

1841 წელს გორდში, ამ ძველი ოდის ნაცვლად ,,ალექსანდრე ჭავჭავაძის თანდასწრებით, გადახდილ იქნა პარაკლისი და საფუძველი დაედვა სასახლეს,“ რომელიც შემდეგ აშენდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის რჩევითა და არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის გეგმის მიხედვით.

სამეგრელოს დედოფლისთვის, გორდის საზაფხულო რეზიდენცია გამორჩეული ყოფილა, განსაკუთრებით ყვარებია ამ სასახლეში დასვენება, საპატიო სტუმრებსაც იქ ღებულობდა თურმე და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა მათ გორდის ბუნების სილამაზითა და მშვენიერებით.

უცხოელი მოგზაურები, თავიანთ მოგონებებში განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ დადიანების სასახლეში, თუ როგორ მდიდრულად იშლებოდა სუფრა, რომელიც დამშვენებული ყოფილა საზღვარგარეთის ქვეყნებში საიმპერატორო სახელოსნოში დამზადებული ფაიფურის, ფაიანსის, ბროლის, ოქროთი და ვერცხლით გაწყობილი დიდებული ჭურჭლით.

აღდგომის დღეების ორკვირიან ნადიმამდე, ზუგდიდის დადიანების სასახლეში გაიმართა ერთგვარი ოლომპიადა სიმღერების, როკვის, შაირობისა და სხვა სახის პაექრობაზე. განსაკუთრებული სტუმრების შარავანდედმა ყველაფერს არაჩვეულებრივი ელფერი მისცა, რადგან მოსწრებულობას, ლექსებს, შაირებს, ექსპრომტებს ერთმანეთს სწრაფად ,,ესროდნენ“.

რომანტიკოს პოეტს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ძალიან მოსწონებია მეგრული ფერხული და ექსპრომტად ლექსი მიუძღვნია ამ საოცარი ცეკვისთვის და აღფრთოვანებით წაუკითხავს; ლექსი ,,ფერხული“, რომელიც ინახება დადიანების სასახლეში:

“ამა ველს

ნოხს მწვანეს

შვენის რაბამად,

ტურფათა

ქალ – ყრმათა

როკვა ერთბამად.

ამოს თქმით

ტკბილის ჰხმით

ვითა მღერიან,

ალვანი,

მოძრავნი

ვით ირხევიან

ურთი-ერთ

მპყრობნი ხელთ

წამოსვლად ჯაჭვად

ხან წყნარად

ხან ჩქარად

ცეკვობენ რგვლივად,

იებად,

ზამბახად

და სოსან-ვარდად,

ვსჭვრიტო, ვით

ღვივიან

ფერად – ფერადად.

იხარეთ;

იხარეთ;

ჰე, ბედნიერო,

მიწისა ძლიერის

შვილნო ძლიერნო!

შევწიროთ მადლობა

მადლსა უფლისას

და ყოველსა

მიზეზსა

ამ განცხრომისას.“

ევროპულ ლიტერატურაზე აღზრდილს, რომანტიკოსების კორიფეს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, დიდი შეფასება მიუცია ხალხური შემოქმედების ნიმუშისთვის. ამ ლექსის საპასუხოდ სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის ძმას, გრიგოლ დადიანს აღდგომის დღესასწაულზე ბურთაობისადმი შაირი მიუძღვნია.

,,აღდგომის დღემან ბრწყინვალემ, რა შვადღის სიცხე დაშალა,

ჭაბუკმან შემდგომ სადილის ცაცხვის ქვეშ ჯარი დასთვალა;

ცალკე უცოლო და ცალკე ცოლიანები განწვალა,

ხელიდან ბურთი გააგდო, რომლითა ყველა აწვალა.

შეიქმნა რბენა, ჭედობა, სრიალი, ნგრევა და გმერა,

დაცემა, გლეჯა და ხევა, ძახილი, კვნესა და ძგერა;

გახტომა, მსწრაფლად შეპყრობა, წაქცევა და ხან დაჭერა,

ირგვლივ კეკლუცთა თვალშავთა მღერა, სიცილი და მზერა“.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით, მდიდრულად აღნიშნულა დადიანების სასახლეში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაღალჩინოსნებს აქ მოუწევდათ გული, რათა მონაწილეობა მიეღოთ დადიანის განთქმულ აღდგომის ზეიმში, სურდათ გამოეჩინათ ვაჟკაცობა, დარდიმანდობა და დიდი პატივისცემა გამოეხატათ სამეგრელოს მთავრისადმი.

მზისადარ ჭაფანძე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!