გუშინ, ავტოკატასტროფის შედეგად, გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი. თამაზ ჟორჟოლიანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ცაიშის მაჟორიტარ დეპუტატად. სხვადასხვა დროს, იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. 1995-2014 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ბელგიის სამეფოში. ეს ამონარიდია მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან, მაგრამ უმდიდრესია მისი არაოფიციალური ბიოგრაფია და ბარემ 10 ადამიანს ეყოფა საუკუნო სახელის დასამკვიდრებლად.”ზუგდიდელებმა” თავისი ფოტოარქივიდან შემთხვევით კი არ ამოარჩია ეს ფოტო,-ეს მისი სავიზიტო ბარათია, ფოტო რომელზეც აღბეჭდილი ის თამაზ ჟორჟოლიანი, რომელსაც 80-90-იანი წლების ზუგდიდში ათასები გაჰყვნენ, ათასები უსმენდნენ… ეს იყო წლები, როცა ქართველის ცნობიერებაში ეროვნულ ნერვს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა და ღრუბელივით ისრუტავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების: ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვების თითოეულ სიტყვას. სწორედ მათ რიგებში იყო ბატონი თამაზ ჟორჟოლიანი. ადამიანი, რომელმაც გამარჯვებასთან ერთად, მარცხი და წლების განმავლობაში დევნილობა გამოიარა. შეეძლო არ ჩამოსულიყო სამშობლოში, მაგრამ ვერ გასძლო ოდაბადეს გარეშე. მშვიდობიანი საქართველო ეოცნებებოდა. ჩვენთან ჩაწერილ ბოლო ინტერვიუშიც ასე თქვა: ” ჩემს ასაკში ნაკლებად ოცნებობენ, მაგრამ მაინც მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა ჩემი ოცნება. საქართველოს მომავალი ახალგაზრდების ხელშია, ისწავლეთ, გახდით პროფესიონალები და იცხოვრეთ სიყვარულით”.
ზუგდიდს, მონატრებული მიადევნებდა თვალ-ყურს. თითქმის არსად, არცერთ ღონისძიებას და თავშეყრას არ აკლდებოდა. მისი ბოლო დღეც ეროვნულობით გაჟღენთილ ღონისძიებაზე გაატარა და თანამემამულეებს მოეფერა.
ზუგდიდს დააკლდა კაცი, რომელიც მისი ბიოგრაფიის ნაწილი იქნება მანამ, სანამ იარსებებს საქართველოსა და ზუგდიდის ისტორია.