ავთო გულუა სოციალური დახმარების გარეშე დარჩა


“ზუგდიდელებმა” მიიღო ინფორმაცია სოციალურად დაუცველ, 61 წლის ავთო გულუაზე. ის  ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ორსართულიან, ამორტიზირებულ სახლში ცხოვრობს. ბატონი ავთო, წლების განმავლობაში, დედასთან და დასთან ცხოვრობდა, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ, მარტო დარჩა. ჰყავს ქალიშვილი, რომელიც მამასთან არ ცხოვრობს და არც კონტაქტობს. ბატონი ავთო პროფესიით ბუღალტერია. წლების განმავლობაში მუშაობდა ენგურქაღალდ კომბინატში საქაღალდე საამქროში ოპერატორად.

ამჟამად, ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებს. შესრულებული საქმეების ანაზღაურების ჯამი, თვეში, ამბობს, რომ 30 ლარამდეა. ამას ემატებოდა  სოციალური დახმარების 60 ლარი.  ბენეფიციარს მაღალი ქულები მოუვიდა და სოციალური სტატუსი შეუჩერდა. მისი საყოფაცხოვრებო პირობები კი მძიმეა. ძლიერმა ქარმა ავარიულ  სახლს, რომელსაც აწვიმს, ბათქაში სცვივა, კედლები გაბზარული აქვს, დამატებითი პრობლემები შეუქმნა,-ფანჯრები მინის გარეშე დარჩა. ბატონი ავთო საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს თუნდაც მინიმალური სარემონტო სამუშაოების შესრულებას. მისთვის სხვა დანარცენთან ერთად, დიდ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყლისა და სველის წერტილების არ ქონაც. წყალს მეზობელი სახლიდან ეზიდება. არ ჰყავს შინაური ცხოველები და ფრინველები, მხოლოდ პატარა თხილნარი აქვს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=dnNtb6pVNdM[/embedyt]

ბატონი ავთო უფასო სასადილოს ბენეფიციარია, ყოველდღიურად ადგილზე სადილობს, ან ულუფა სახლში მოაქვს. ახლა შიშობს, რომ სოციალური სტატუსის მოხსნის შემდეგ, ეს “ფუფუნებაც” დაეკარგება და სადილს ვერ მიიღებს. „სახლში არსებულ მდგომარეობას თქვენც ხედავთ, ყველაფერი მოშლილი და უვარგისია. სახლის მიმხედვარე კი არავინაა, საკუთარი ძალებით ვცდილობ ფანჯარა ავჭედო, იატაკი გავამყარო, ან ჭერი შევაკეთო. დილით ადრე გავდივარ სამსახურში, ხან დარაჯად ვმუშაობ, ხან ვიღაცას ვეხმარები და შეშას ვუპობ. ხან რას ვაკეთებ და ხან რას. გათბობისთვის ფიჩხებს ვიყენებ. მჩუქნიან, ხანაც ვაგროვებ. ჩემი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის. რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სახლში. ადრე ერთჯერადი დახმარებაც მიმიღია, მაგრამ ბოლო წლებია, არავის მოვუკითხივარ. მე არ ვითხოვ ავეჯს, ან ახალ სახლს, უბრალოდ, მითხრან რატომ შემიჩერეს სოციალური სტატუსი.’’-შემოგვჩივლა ბატონმა ავთომ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=L-SdoY2CJxc[/embedyt]

ბატონ ავთოს, დრო და დრო, მეზობლები ეხმარებიან. ისინი სახლს ულაგებენ და ზოგჯერ ცხელი სადილითაც უმასპინძლდებიან. მათ კამერასთნ არ ისურვეს გამოჩენა, პირად საუბარში კი, ბატონი ავთო დადებით, ღირსეულ პიროვნებად დაახასიათეს. „წლებია ვმეზობლობთ, კარგი ადამიანია. არანაირ სამსახურს არ თაკილობს. იბრძვის ლუკმა-პურისთვის. ჩვენც გაკვირვებულები ვართ, როგორ მოუხსნეს ასეთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ პიროვნებას დახმარება’’.- ამბობენ მეზობლები.

სოციალური მომსახურების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრში იციან ავთო გულუას პირობების შესახებ. სოციალური სამსახურის უფროსის ავთანდილ ცქვიატაიას განმარტებით, ბენეფიციარი 2012 წლიდან ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფულადი დახმარების მიმღებად. მისი თქმით, შეფასების ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, მოხდა ბენეფიციარის ხელახალი გადამოწმება. 2 თებერვალს შეივსო ოჯახური დეკლარაცია, გაიგზავნა თბილისში და პროგრამამ მიანიჭა 101 ათასი ქულა. „დღეის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას მოეხსნა ფულადი დახმარება, შესაბამისად, არ არის ფულადი დახმარების მიმღები. პასუხს ვაგებ დეკლარაციაში დაფიქსირებულ ყველა მონაცემზე. დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს აბსოლუტურად ეთანხმება ბენეფიციარცი, თვითონაც აწერს ხელს. ბატონი თუ არ ეთანხმება დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს, მას შეუძლია გაასაჩივროს.’’- ამბობს ცქვიტაია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lpko85AXNUU[/embedyt]

გაასაჩივრებს თუ არა ავთო გულუა მონიჭებულ ქულებს, არ ვიცით, არ გაუმხელია ჩვენთვის, მაგრამ ის რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება და დახმარება უნდა, ცხადია.

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!