- ფაქტი, რომ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“, მისი დირექტორის ნუგზარ მალაშხიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ცენტრის წარმატებული თანამშრომლებისთვის შექმნა საპატიო წიგნი, თავისთავად მეტყველებს პატივისცემას და მხარდაჭერას გუნდისადმი, რომელიც არც თუ ისე უმნიშვნელო წარმატებული შედეგებით წარმართავს მუნიციპალიტეტის იერ-სახის შენარჩუნებისა თუ განვითარებისათვის ღვაწლს. მაგრამ აქ, გამოცემის შინაარსთან ერთად, იკვეთება მეორე და უმთავრესი დეტალი “საპატიო წიგნის“ ვიზუალური მხარე, რომელიც თავად მოიცავს ცალკე შინაარსს და თაობებისთვის ძალიან საინტერესო ქვეტექსტებს.
“საპატიო წიგნი“ ქართული ანბანის მაღალი კალიგრაფიული ნიმუშია იმავდროულად და შეხსენებაა იმისა, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ თანამდებობით, ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ჩვენი ერის ულამაზესი ნიშანი-მისი ანბანია, რომლის გამშვენება და მოფერება თითოეული მოქალაქის ვალია, რადგან ენისა და სამშობლოს დაცვა სწორედ ანბანის, თითოეული ასო-ბგერის მოფერებით იწყება. მოსაფერებელიც, რა თქმა უნდა, გვაქვს ქართველებს, როცა ჩვენი ანბანი მსოფლიოს უძველესი ანბანების ერთ-ერთი აღიარებული საპატიო წევრია.
ამბავი დაიწყო ასე: ბატონი ნუგზარის ინიციატივით, “ზუგდიდდასუფთავების“ ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა “საპატიო წიგნი“, რომლის ტექსტები გამართული, ნამდვილი ქართული კალიგრაფიით შესრულდებოდა. კალიგრაფიც იპოვეს-ქალბატონი ნონა გოგინავა, კორესპონდენტი, ცნობილი კალიგრაფი, არაერთი კალიგრაფიული კონკურსის გამარჯვებული და მას სთხოვეს თანამშრომლობა. „საპატიო წიგნი“ ბესიკ გერლიანის სახელოსნოში აიკინძა.
“ზუგდიდელებს“ “ზუგდიდსასუფთავების“ ცენტრის დირექტორი, ბატონი ნუგზარ მალაშხია უყვება: “პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პრესის მიერ, ადამიანებისადმი ყურადღების, მათი შრომის და საზოგადოებრივი საქმიანობის ასახვას დიდი მნიშვნელობა აქვს მომდევნო თაობებისთვის. “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” საპატიო წიგნი შემოვიღეთ 2020 წლის 1 იანვარს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. წიგნში შესატანად საჭიროა ადამიანებმა “გაუძლონ” დებულების მოთხოვნებს, რომელიც შეიმუშავა ცენტრმა. “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის საპატიო წიგნში, დღეისთვის, შეყვანილია 15 პიროვნება. ამ ადამიანებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობით, საქმისადმი პასუხისმგებლობით, კეთილგანწყობით და ადამიანური თვისებებით. “საპატიო წიგნში” ასევე შეყვანილია “ზუგდიდდასუფთავების” 29 კაციანი ჯგუფი, რომელიც პანდემიის განმავლობაში, აქტიურად ასუფთავებდა ბაზრის ცენტრალურ ტერიტორიას, ქალაქის ქუჩებს, ურნებს, სპეციალური ხსნარით ასუფთავებდა. ეს იყო ერთ მხრივ, ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ და ბრძოლა ჩვენი ადამიანებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. “საპატიო წიგნში” შეყვანილია ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, “ზუგდიდდასუფთავების”თანამშრომელი ქალბატონი ზაირა სალია. “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჩხობაძე, რომელიც აქტიური პიროვნებაა ქვეყნის მასშტაბით. ადრე, ქალბატონი ნინო გარემოს დაცვის მინისტრი გახლდათ, ყველაფერს აკეთებდა, იმისათვის, რომ გარემოს დაცვის საკითხები ყოფილიყო პრიორიტეტული. “საპატიო წიგნში” ასევე შეყვანილია შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ერიკ ილესი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შვედეთმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის საკითხებში. “საპატიო წიგნი” დაამშვენა ჟურნალისტმა, პედაგოგმა, კალიგრაფისტმა, მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოებულმა ზუგდიდელმა ქალბატონმა ნონა გოგინავამ. ქალბატონი ნონა, ყველანაირ სიკეთეს აკეთებს თავისი ქალქისთვის. ეს ერთი შტრიხი, რომელიც მის ცხოვრებაში დადებითად შეიძლება ჩაითვალოს არის დახმარება ჩვენი კოლექტივისადმი და ამის გამო, მე მას მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, “ზუგდიდასუფთავების” საპატიო წიგნი მომავალი თაობებისთვის იქნება სამაგალითო. “საპატიო წიგნი”, როგორც კი შეივსება, გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ან მუზეუმს”.
“საპატიო წიგნის“ შექმნაზე და ზოგადად ქართულ კალიგრაფიაზე “ზუგდიდელებთან“ ნონა გოგინავა საუბრობს: “სადაც ქართული კალიგრაფიაა, იქ ვარ მეც. კალიგრაფია ჩემი სულის ნაწილია. ყველა ადამიანს თავისი ნიშა აქვს ცხოვრებაში, ჩემი ნიშა კი გახლავთ კალიგრაფიული ნიჭი, რომელიც უფლისგან მებოძა. რაც თავი მახსოვს, მოყოლებული სკოლიდან, კალიგრაფიულად ვწერ. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის პირველი სკოლა. ჩემმა აწგარდაცვლილმა მასწავლებელმა, ქალბატონმა თინა ქარჩავამ ჯერ კიდევ, მეორე კლასში განაზოგადა ჩემი კალიგრაფიული ნიჭი სკოლის მასშტაბით, მას შემდეგ, მოვდივარ და მოვდივარ. ვწერ კალიგრაფიულად ყველგან და ყოველთვის. ერთ დღეს, ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ხელმძღვანელთან, ბატონ ნუგზარ მალაშხიასთან წარმადგინეს კალიგრაფად. მან ამიხსნა თავისი იდეის არსი და გადამიშალა საოცარი ოსტატობით შესრულებული “ზუგდიდდასუფთავების” საპატიო წიგნი და განმიმარტა ჩემი მოვალეობა. შემოთავაზებამ გამახარა. როგორც გითხარით, კალიგრაფიული წერა ჩემთვის ყოველთვის სულის ზეიმთან ასოცირდება, თან ამ საინტერესო წამოწყებაში ჩემი მონაწილეობა დიდ პატივად ჩავთვალე. რა უნდა იყოს, იმაზე უფრო სასიხარულო, რომ ჩემს კალიგრაფიას ისტორია შემოინახავს. “ჯვარს გამშვენება სჭირდება, ასევე ქართულ ანბანს, ისიც ხომ ჩვენი ჯვარია”. ეს სიტყვები კალიგრაფიის ერთ-ერთ კონკურსზე, ჩემი ნამუშევრების ნახვისას, ერთმა ჩვენმა თანამემამულემ გააჟღერა. მას შემდეგ უკვე ხუთი წელია და ერთი წუთითაც არ მტოვებს ეს სიტყვები, ის ჩემში იარსებებს სიცოცხლის ბოლომდე. ვეფერები ჩვენს უფლისგან დალოცვილ ქართულ ანბანს. მის თითოეულ ასოს. ულამაზესია ჩვენი ანბანი. მსოფლიოში სილამაზით მესამე ადგილზეა, ქართველებისთვის კი პირველ ადგილზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, “საამაყოდ ქართველობა მეყოფა”.