დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ფონდმა „აფხაზეთი“ პროექტის “ხელსაქმისა და მეწარმოების შესწავლა ნდობის აღდგენის ხელშეწყობის“ ფარგლებში, ცენტრალურ ბულვართან დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია გამართა. პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს სამოტივაციო სლოგანები და მოუწოდეს ქალაქის მაცხოვრებლებს, არ დაანაგვიანონ გარემო, იზრუნონ მის გამწვანებასა და დაცვაზე. პროექტის კოორდინატორის მარი შონიას ინფორმაციით, 15:00 საათზე, ღონისძიება გადაინაცვლებს რუხის საჯარო სკოლაში, სადაც პროექტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგავან მარადმწვანე-დეკორატიულ მცენარეებს სკოლის ეზოში. „პროექტის მონაწილე ახალგაზრდა გოგონებმა გამოიტანეს სლოგანები და მიმართეს მოქალაქეებს, რომ არ დააბინძურონ გარემო გაუფრთხილდნენ დედამიწას, გაამწვანონ და იზრუნონ მასზე“.
ღონისძიების მონაწილემ სალომე ქარდავამ ჟურნალისტებს უთხრა: “ჩვენი ქვეყანა და ზოგადად მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იმყოფება. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს გაამწვანონ თავიანთი სკოლა, ბაღი და ეზო, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.“
შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის: „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა,“ მიზანია ხელსაქმისა და მეწარმეობის სწავლებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ქ. სოხუმში მცხოვრები გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების ერთმანეთთან ვირტუალურად დაკავშირება და მათ შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ხელსაქმის გაკვეთილები, კულტურული ღონისძიებები, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის მართვის თემებზე ტრენინგები, ერთობლივი ონლაინ-კონფერენციები, ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა.
პროექტი ხორციელდება ჯერმან მარშალის შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით.