,,ხატების შექმნა სიმშვიდეს მგვრის”


ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი აზა დავითაია, რომელიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობს, შრომობს ბევრი ჩვენთაგანივით, მაგრამ მაინც
თავისი საქმითა და გატაცებებით განსხვავდება ჩვენგან.
_ დავიბადე ქალაქ ზუგდიდში. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის #1 საშუალო სკოლა, სკოლის დამთავრებისთანავე
ჩავირიცხე ზუგდიდის სამედიცინო ტექნიკუმში, მერე ქ. გორკში გადავედი საცხოვრებლად, სადაც 1986 წლამდე ვმუშაობდი მედდად. 1986 წელს დავბრუნდი ჩემს მშობლიურ საქართველოში. ამჟამად ვარ მრავალპროფილიან
კლინიკურ საავადმყოფოში ანეზთეზიის მედდა. ასევე ვმუშაობ “კატასტროფის” ბრიგადაში, _ კრიტიკული ავადმყოფები
გადაგვყავს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. უკვე 28 წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ. ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს
და ვმადლობ უფალს, რომ საქმე კარგად გამომდის.
_ სამედიცინო დარგი რატომ აირჩიეთ თქვენი ცხოვრების მეგზურად?
_ მამაჩემს უყვარდა ეს სპეციალობა და მისი რჩევით გადავწყვიტე. მაგრამ თვითონ ცუდად რომ გახდა, მამამ ინანა, თავის დროზე მედიკოსობა რომ მირჩია, _ მე რომ მას ყურადღებით ვეპყრობოდი, ვუვლიდი, ვიხარჯებოდი… ჩემი შეწუხება არ უნდოდა. მამაჩემი იყო რაფიელ დავითაია, დედა გახლდათ შურა ნანეიშვილი. მამა მუშაობდა
ქალაქ გორკის ავტოქარხანაში, ინჟინრად.
_ თქვენზე ამბობენ, _ ხელმარჯვე ოსტატიაო…
_ დიახ, მაქვს ჰობი. ჩემი ჰობი არის ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა.
_ ვხედავ თქვენს ნამუშევრებს და მოხიბლული ვარ… რა მასალისგან ამზადებთ ხატებს?
_ ამ ხატებს მე მულინის ძაფებისგან ვქარგავ. ხატების შექმნის იდეა კი, რუსეთიდან მომყვება. იქაურმა მედ-პერსონალმა მასწავლა.
ისინი თავისუფალ დროს ქსოვდნენ, ქარგავდნენ. მე მაშინ ახალგაზრდა გოგონა ვიყავი და დამაინტერესა ამ საოცარმა ხელსაქმემ, ადვილად შევითვისე. ეტყობა, ღვთივბოძებული ნიჭიც გამომყვა _ ამ საქმეს დიდი გულისყური და ხედვა სჭირდება. მე შემიძლია ღამეები ვათენო ქარგვაში, მაგრამ შედეგის ნახვისას დაღლილობა მეხსნება. საოცრად მამშვიდებს ეს საქმე. ხატებზე მუშაობისას, თითქოს უფალთან მიახლოებული ვარ, პრობლემები მავიწყდება.
_ გაქვთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან ვინც ხელსაქმე გასწავლათ?
_ მქონდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული არეულობების შემდეგ ვერ ვუკავშირდები მათ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს მათი, ისინი დიდ პატივს მცემდნენ. პირველად მე მიმაცილებდნენ სახლში და მერე მიდიოდნენ
თავიანთ ოჯახებში. ძალიან კარგი ურთერთობა გვქონდა. კარგი კოლექტივი
იყო.
_ ჩემთვის ცნობილია, თქვენ ხართ ეკლესიური…
_ მამა ფრიდონის მრევლი ვარ, კარის ეკლესიაში დავდივარ. 10 წელია ვმარხულობ, ვიცავ ყველა ეკლესიურ რიტუალს. მამა გაბრიელის საფლავის გახსნა რომ იყო მცხეთაში, სპეციალურად 2 დღე ვიმორიგევე ზედიზედ, რომ დავეთხოვეთ სამსახურიდან, 7 კილომეტრი გავიარე ფეხით, მაინც მივედი და ცერემონიალს დავესწარი. სვეტიცხოვლამდე მივაცილე და იქ ვემთხვიე. ჩამოვიტანე ზეთი, სანთლები და ყველა ჩემს მეგობარს დავურიგე.
_ თქვენს ნამუშევრებს-ნაქარგებს ყიდით, თუ ჩუქნით მეგობრებს… გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?
_ ჩემი ნამუშევრები საკუთარი შვილებივითმიყვარს. მე მათ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვჩუქნი და ჩემი გულის სითბოსა და სიყვარულს ვატან. გავბედე და ჩემი ნამუშევრები სასულიერო პირებსაც ვაჩუქე. გულში ჩუმი ნატვრაც მაქვს და გაგიმხელთ _ მინდა ჩემი ნამუშევრები შევკრიბო და გამოფენა მოვაწყო.
_ წარმატებებს გისურვებთ…
როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!