ამ დილით “ზუგდიდელები. გე” იმყოფებოდა ციალა ჯოჯუას სახლში. “სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ოთკაციანი ბრიგადა მოვიდა, მაგრამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ვუთხარით. მასალები უხარისხოა, თითქმის დამპალი და გამოუსადაგარია სამუშაოების შესასრულებლად. თქვენც ხედავთ აქ რა მდგომარეობაა, რა აზრი აქვს ასე უხარისხო რემონტს, დღეს თუ გააკეთებენ, ხვალ ისევ ჩამოიშლება ყველაფერი. რადგან დედაჩემი ავაყენე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყურადღების გარეშე დაგვტოვონ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული დედაჩემთან ერთად მეც დავიწყებ აქციას. ძალიან შევცდი, რომ მათ ვენდე და აქცია შევწყვიტეთ. რატომ მატყუბენ? მითხრან თუ არ შეუძლიათ საქმის სწორად კეთება. დედაჩემი ამ სიცივეში სანამდე უნდა იწვეს. დედაჩემა მითხრა: გარეთ უფრო თბილად ვიყავიო, მზე მაინც მათბობდაო, აქ კი სინესტეა და ყველაფერი სველია. მე მუშებთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ”.- აცხადებს ციალა ჯოჯუას შვილი ლალი ცირდავა.
64 დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, 79 წლის ციალა ჯოჯუამ, იმ პირობით, რომ მისთვის სასურველ საცხოვრებელ ფართს დაუკანონებდნენ და გაურემონტებდნენ, აქცია შეწყვიტა. მის სახლში დაიწყო შესაკეთებელი სამუშაოები, მაგრამ, როგორც საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რამდენიმე დღე, მათ შორის ახალი წლის დღეები, სამუშაო შეწყვეტილი იყო.