ელიმინაციის პროგრამამ «რა ჰქმნა»?


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და მფლობელ კომპანია  „ბლოკჯორჯიას“ შორის უთანხმოება ამოწურულია. ექიმები მზად არიან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორთან ნოდარ ჩიქოვანთან.

 მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს ყოფილი დირექტორი მადონა სართანია. ასევე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ მკურნალობა.

ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და „ბლოკჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მხარეებს შორის ურთიერთობის დროულ მოგვარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის.

კობა ქანთარიას განცხადებით: „ საფრთხე ექმნებოდა პროგრამას, რომელიც არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, არ გვინდოდა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ეს საკითხი. ჩვენ შეგნებულად არ ვერეოდით მათ ურთიერთობაში, ვინაიდან, ეს არის კერძო ობიექტი, მაგრამ ქალაქის და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, შევახვედრეთ ორივე მხარე, ვისაუბრეთ და მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო  C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერია. ინფექციურ საავადმყოფოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 1 400-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

უთანხმოება მედპერსონალსა და მფლობელ კომპანიას შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ბლოკ ჯორჯიამ“ ინფექციურ  საავადმყოფოში ახალი დირექტორი დანიშნა. დაპირისპირებულ მხარეებს არაერთხელ შეხვდა გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც პრობლემის მოგვარებაში უშუალოდ იყო ჩართული.

საკითხის მოგვარებაში განსაკუთრებული გავლენა იქონია  ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგმა, სადაც მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და “ბლოკ ჯორჯიას” შორის არსებული უთანხმოების საკითხი განიხილა და განაცხადა: “არსებული მდგომარეობა ხელს უშლის პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების , განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მისაღები მომსახურების მიწოდებას. ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს და ”ბლოკ ჯორჯიას” 48 საათიან ვადას აძლევს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში მდგომარეობა არ მოწესრიგდება, საავადმყოფო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამიდან მოიხსნება”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!