ჩიგოგიძე, აბიდი, ბზების ხეივანი…

ციკლიდან „შეხვედრა“

–ნუ გეშინია, თავისუფლად იარე…
–მეშინია… ფეხს წამოვკრაააავ…
–მენდე, შენთან ვარ…
დადიანების სიყვარულის ბზების ხეივანი…
გოგონას თვალები დახუჭული აქვს, ცალი ხელით ვაჟს ეყრდნობა, ცალი წინ გაუწვდია, თავს იცავს მოსალოდნელი საფრთხისგან.
ემოციური კადრია!
გადმოცემის თანახმად, ვინც დადიანების ბზების ხეივანს თვალდახუჭული და ჩასურვილებული გაივლის, სურვილი აუხდება.
ტკარცალებს თვალდახუჭული გოგო… ბუბუნებს ბიჭი.
ვჩერდები და ველოდები,–მშვიდობიანად თუ გამოაღწევს გოგონა.
მარტო არ არიან:
ბზის ხეივანში, შავოსანი ქალბატონის მზიანი მზერაც კრთება…-
ხელში დანა უჭირავს და ხავსმოდებულ ბზებს ტანს უსუფთავებს. იქვე, პატარა ბიჭუნაც ბაძავს ქალს და ხის ძირას ჩაცუცქული იგივე საქმეს აკეთებს-უფრო მომცრო დანით.
სიყვარულს გაკიდებული გონება უკან მობრუნდა, სხვა, არანაკლები სიყვარული ვიპოვე. კოლხური ბზების, სიყვარულის ხეივნის გადარჩენაც, სიყვარულია! თუ ზუგდიდელების მინდია, კარლო ჩოკორაია ამბობს,  საქართველოს გერბია ბზა, შევთანხმდეთ, ბზის გადარჩენისთვის ბრძოლა არის სამშობლოს სიყვარული.

ნინო ჩიგოგიძე
ოზურგეთიდანაა… სოფელი შრომაა მისი ოდაბადე. ილიკო ჩიგოგიძის ნათესავი ვარო. „ჩვენი ილიკოსი!“ ვასო ჩიგოგიძისაცო,–„ჩვენი ვასოსი!“ ჰო, ზუგდიდელები ორივე ჩიგოგიძეს ვიცნობთ, ვეახლობლებით და ნინოს ახლობლები გამოვდივართ ჩვენც, აბა, რა… ჩვენს ქალაქში დროებით ცხოვრობს,–ქალიშვილთან, სიძესთან და 4 წლის შვილიშვილთან, დანიელთან.
52 წლისაა, პროფესიით პედაგოგია, არ მუშაობს, შვილიშვილს უვლის. შავებს ატარებს. ძმა დაღუპვია ტრაგიკულად- უკვე მეორე წელი გავიდაო, მეუბნება და გახუნებულ თავსაფარს ისწორებს. ოზურგეთში ქმარი, ვაჟიშვილი, რძალი, შვილიშვილები, დედამთილი და დედ–მამა ჰყავს.
-გეძებდით მე თქვენ,-ვეუბნები.
-რატომ?-უკვირს,-ვიცნობთ ერთმანეთს?
– არა. ადრე შეგნიშნეთ, როგორ ასუფთავებდით ბზას ხავსისგან.
–კი, ბავშვი მომყავს, აქ, სასეირნოდ და… ბზას მაშინ ვაცლი ხავსს. გამხმარ ხეს ხელს არ ვკიდებ, დროს არ ვკარგავ. ხავსისგან მხოლოდ იმ ბზას ვათავისუფლებ, სიცოცხლისთვის ბრძოლა რომ ეტყობა, ერთი სიტყვით, ვეხმარები. ჭამს ხავსი ბზას, შიგნით ჭიებს იბუდებს. შესაწამლია უკვე. მამა მალხაზი ამბობს, ორჯერ შევწამლეთო, მაგრამ არ ჰყოფნის, ეტყობა. მამაო შემპირდა, ეკლესიის ახალგაზრდა მრევლს დაგახმარო. კარგია შაბათობას თუ მოვაწყობთ, მალევე გავასუფთავებთ და შემდეგ კირით შევათეთრებთ წელამდე. ძალიან ლამაზი იქნება თქვენი სიყვარულის ბზის ხეივანი.
ბზის ხეივანი ნორჩი ყლორტებითაა აბიბინებული, ასიცოცხლებული…
ნინო არ ამბობს, მაგრამ… ვგრძნობ, ამაყობს… წაეხმარა ბზებს თვალის გახელაში.
– უშველის ხავსისგან გაწმენდა? გადარჩება?
–უშველის, აბაა? ერთი 50 წელი კიდევ გააგრძელებს სიცოცხლეს. მინდა ახალი ნერგებიც დავრგოთ ამ ბზების ძირებში, პარალელურ რიგში. ახლები გაიხარებენ და ძველებს წამოეწევიან. აქაურობას არაფერი ისე არ ამშვენებს, როგორც ეს ხეივანი.
– ბევრი დარჩა გასასუფთავებელი?
– საკმაოდ. ყველა უნდა გავასუფთავოთ. აგერ, დანიელი მეხმარება (იღიმება).

დანიელ აბიდი

დანიელი ნინოს შვილიშვილია,–შავტუხა ბიჭია, მომცრო დანით მუშაობს. დრო და დრო, დანას ბებიას უტოვებს და გარბის… ხან მტრედებს ეთამაშება, ხანაც უცხო ბიძებს და დეიდებს,- შინაურივით… ამ წუთას, მკვდარი ჩიტი იპოვა და… სევდიანი აქვს შავი თვალები. ცოცხალი ჩიტი უნდა ჰყავდეს, თუმცა მკვდარსაც ვერ ელევა, პატარა ხელებით ეფერება.
–დანიელს პაკისტანელი ჰყავს მამა, მაჰმადიანია…–
ამბობს ნინო და უკან, დანისთვის მობრუნებულ დანიელს, ბზების ხავსისგან გასაწმენდად, სამუშაო იარაღის უსაფრთხოდ დაჭერაში ეხმარება.
ბიჭუნა დიდივით გულმოდგინედ, ბეჯითად შრომობს.
–ახალ ნაწვიმარზე, ხავსი რბილია და ადვილად სცილდება ბზის ტანს,-
მეუბნება ნინო, თითქოს პასუხობსო ჩემს გაკვირვებას, დანიელი ადვილად რომ ყრის ხავსებს ხიდან.
–ჩათვალეთ, 4 თვიდან აკეთებს დანიელი ამ საქმეს. თავისი ეტლით მომყავდა აქ და სანამ ეძინა, მე ბზებს ვუვლიდი, ე.ი. დანიელიც მეხმარებოდა თავისი მშვიდი ძილით 
(იცინის).

–დანიელის მშობლები ჩვენს ქალაქში მუშაობენ ალბათ…
–დიახ, აქ პატარა ბიზნესი აქვთ. მამამისი, ჩემმა ვაჟიშვილმა, თბილისში გაიცნო. დამეგობრდნენ, მერე ოზურგეთში ჩამოგვიყვანა სტუმრად, ჩემი ქალიშვილი მოეწონა, ორი წელი დაელოდა, სანამ სკოლას დაამთავრებდა და შემდეგ მოიტაცა. 8 ენა იცის, საქმე კარგად მისდის. ცოლ-შვილს ზედ ჰყვება. ჩემს ქალიშვილს თირკმლები აწუხებს და დანიელს მე ვუვლი. ერთად ვსეირნობთ და ამასობაში, საქმესაც ვაკეთებთ.
როგორც ყველა გურული, ნინო კარგი მოსაუბრეა,–საინტერესო ბიოგრაფია აქვს, ცხრა აპრილის მონაწილე ყოფილა. ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც კარგად ვიცნობდიო. ფოტოებს ვიღებდი აქციებზეო. დეტალებს მიყვება ყველაზე შემზარავი კადრიდან–ხეზე სისხლი და ნიჩბის დარტყმით „მიჩრჩილული“ საყურე… ეტყობა, მისი ფოტოარქივი, 9 აპრილის სისხლს და ცრემლს ერთად ინახავს.
გასაგებია!
სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იზრუნონ ბზის გადარჩენისთვის,–მამულია, ენაა, სარწმუნოებაა მათთვის ეს კოლხური ბზა, რომელიც ნელ–ნელა სუნთქვას იწყებს ამ გურული ქალის, სტუმარი ქალის ძალისხმევით.
ვემშვიდობები…
ქალბატონი ნინო ბზების “ფერებას” აგრძელებს…
დანიელი გაიქცა, ეკატერინეს სასახლისკენ გარბის…

ეპილოგი

–რა ჩაიფიქრე?
–რას ჩავიფიქრებდი?
–ჩვენი სიყვარული…
–კიიი… სიყვარული, რომელსაც ბზის ხეივანი მოგვიტანს… მო–გვი–ტანს…–ისევ ტკარცალებს ხეივნიდან, თვალდახუჭულად, სამშვოდობოს გასული გოგო და ბუბუნა ბიჭს ეხუტება.
მკითხველი on

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …