,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა”. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ზუგდიდში მშვიდობიანი აქცია. მოქალაქეებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ გარემო ყველასთვის არ არის თანაბარი, რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ აქციაზე მისულ მოქალაქეებს, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიანიშნეს იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ცხოვრებაში არსებობს.
სოლიდარობის აქცია-მსვლელობა „ჩვენ ვირჩევთ“ მოცეკვავე შადრევანთან დაიწყო და მთავარ მოედანზე ფლეშ-მობით დასრულდა. აქციას, რიგით მოქალაქეებთან ერთად, დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. “ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერება; გააზრება, თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება; აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა”- ეს ნელსონ მანდელას სტრიქონებია, რომელიც ამ ფოტოზე წააწერა ერთმა გოგონამ ,,ფეისბუქში” და ამით გამოხატა თავისი გულწრფელი დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი. დღეს, ზუგდიდი ერთსულოვანი და ხალხმრავალი იყო.