“ჩვენი ფოტოგრაფი”, აკაკი (კაკო) ყუფუნია გარდაიცვალა

ფოტოხელოვანი, წლების მანძილზე ადგილობრივი გაზეთის ფოტოკორესპონდენტი, 83 წლის აკაკი (კაკო) ყუფუნია გარდაიცვალა.

მის ფოტოობიექტივს, მთელი ზუგდიდის სიყრმე, ახალგაზრდობა, შუა ასაკი, ზუგდიდის სტუმრები, ინტელიგენცია, მუშათა კლასი შავ-თეთრ ფოტოზე აღუბეჭდავს.  ათასობით სახე განათებულა მის ლაბორატორიაში. ზუგდიდის სუნთქვის და მაჯისცემის მემატიანე იყო მანამ, სანამ ციფრული ფოტოგრაფია არ მოიტანა დრომ. არც მერე მიუტოვებია პროფესია, სიცოცლის ბოლო წუთამდე ერთგული იყო წამის მარადიულობის შექმნის.

მას მთელი ზუგდიდი იცნობდა, ყველა თაობა “ჩვენს ფოტოგრაფს” ეძახდა… ყველამ იცოდა, თუ ყვითელი “ზაპოროჟეცი” იდგა სკოლის ჭიშკართან, იმ სკოლის სტუმარი, იმ დღეს, ფოტოგრაფი “კაკო ბიძია” იყო, რომელიც მშვიდად, აუღელვებლად აღბეჭდავდა ახალგაზრდობის მშვენიერებას ფოტოებზე. ამდენად, ზუგდიდში, არ შეიძლება არსებობდეს ოჯახი, სადაც ფოტოალბომში აკაკი ყუფუნიას გადაღებული სურათი არ იდოს.

ჩვენი საინფორმაციო პორტალის არქივმა შემოინახა  ბატონი კაკოს  საუბარი მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” წევრებთან. ბატონი კაკო მათ თავისი ძველი და ახალი ფოტოაპარატებით ესტუმრა, თავისი ცხოვრების გზაზე ესაუბრა და მასტერკლასი ჩაუტარა, როგორ უნდა გადაეღოთ სწორად კადრი.

ბატონი კაკო იყო უკეთილშობილესი პიროვნება, მშვენიერი ოჯახით, სახლ-კარით, სადაც ყველაფერი თავისი დაუღალავი შრომითა და თეთრად გათენებული ღამეებით ჰქონდა შექმნილი და შეძენილი.

გაზეთ “ზუგდიდის” რედაქციის არქივში, რომელიც ბატონი კაკოს მშობლიური გაზეთის, “მებრძოლის” მემკვიდრეა, დღესაც ინახება მისი გადაღებული ფოტოები, სადაც ის გზაა აღბეჭდილი, რომელიც ჩვენმა ქალაქმა გამოიარა. დღესაც ინახება გაზეთები, სადაც ბატონი კაკოს სახელი და გვარია მითითებული  დაბეჭდილი ფოტოების ქვეშ. რამდენი თაობა უნდა გადავიდეს ზუგდიდში, რომ წაიშალოს წინადადება: “ფოტო. აკ ყუფუნიასი”.  ალბათ ეს შეუძლებელია… ეს არ მოხდება მანამ, სანამ იარსებებს ჩვენი ქალაქი და მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა, მედიამემკვიდრეობა. მარადიულობას შეუერთდა კაცი, რომელიც მარადიულობას ქმნიდა ფოტოკამერით. სასუფეველი მას.

საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები” ზუგდიდელების სახელით

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.