ამ დილით, საპროტესტო აქცია გამართეს და ბაზრის მიმდებარე გზა გადაკეტეს შ.პ.ს. „სუპერმარკეტში“ მოვაჭრე ქალბატონებმა. ბაზარში მოვაჭრე 52 ქალბატონი ისევ აპროტესტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ლონდასტერის’’ შემოსვლას და სავაჭრო დახლების დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მოვაჭრე ლეილა ლიპარტია „ზუგდიდელებთან’’ ამბობს: „ამ დილით მერიაში ვიმყოფებოდით, გვინდოდა ქალაქის მერს შევხვედროდით, მაგრამ არ დაგხვდა, გვითხრეს მივლინებით არისო წასული. მერის ნაცვლად სხვა შეგხვდა და კონკრეტული პასუხი არ გაუცია, გვითხრეს ორი დღე არ მოხდება დემონტაჟიო. დღეს ველოდებით ჩვენს ადვოკატს, რომელიც შუამდგომლობას გაგვიწევს ქალაქის მერთან. ის გაეცნობა ჩვენს მდგომარეობას, იურიდიულ საკითხებში გაგვარკვევს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედებთ.“
მოვაჭრეების თქმით, ისინი არ შემოუშვებენ შ.პ.ს. „ლონდასტერს“ და დახლების აჭრას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს: „ჩვენ არ დავუშვებთ ზონდერ ბრიგადების შემოსვლას, ამ საქმეში ზემოდან ვიღაცაა ჩარეული. კონსტრუქციების აჭრას გარკვეული დრო სჭირდება, ვთქვათ, აჭრეს, შემდეგ ჩვენ რას ვაკეთებთ, ან მანამდე რა ვქნათ, სად ვიმუშავებთ? ყველას ბანკში კრედიტები აქვს. ხალხზე არავინ ფიქრობს.’’
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.