შეწყვეტს თუ არა, ადგილობრივი ხელისუფლება “ზუგდიდელთან” თანამშრომლობას


სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოქალაქე ეგნატე შამუგიას მიმართვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიასადმი და საკრებულოს თავჯდომარე მამუკა წოწერიასადმი, სადაც მოქალაქე შამუგია მიმართავს მათ, შეწყდეს საზოგადოება “ზუგდიდელთან” თანამშრომლობა. 

ეგნატე შამუგიამ პეტიცია შეიმუშავა და ფეისბუქის გვერდზეც გაავრცელა. “რამდენიმე წელია, ზუგდიდში ფუნქციონირებს ა(ა)იპ საზოგადოება “ზუგდიდელი“, რომელიც დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. საზოგადოება “ზუგდიდელის“ წარმომადგენლები მუდმივად არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ასევე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. მათთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პერიოდულად მართავენ შეხვედრებს და განიხილავენ სხვადასხვა საკითხს. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება “ზუგდიდელს“ აქვს გარკვეული ტიპის გავლენა ზუგდიდში (ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით), რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.„საზოგადოება ზუგდიდელი“ საკუთარი გამოსვლებით ებრძვის საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს და არჩევანს. იგი გამოირჩევა ანტიდასავლური პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის აქტიური გამოყენებით. მაგალითად, „დასავლეთიდან მართული ძალები დესტრუქციულ მოქმედებას ახდენენ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაში“ – განაცხადა საზოგადოების გამგეობის წევრმა მურმან ნაჭყებიამ. იგივე ნაჭყებიამ „ზუგდიდელის“ სახელით მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების იქ ყოფნის მიზეზად მათი მაღალი ანაზღაურება დაასახელა, რითიც შეურაცხყო ყველა ის მისია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სასარგებლოდ მოქმედებს, რაც ისევ და ისევ რუსული ნარატივის ნაწილია. „საზოგადოება ზუგდიდელი“ რომ ანტიდასავლურ განწყობებს უწევს პოპულარიზაციას ჩანს მათ მიერ გავრცელებულ შემდეგ განცხადებაშიც: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული, შორს გამიზნული ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო. …ეტყობა, თანდათან ძვალ-რბილში გვიჯდება ე. წ. დასავლური თეზა. “ ორგანიზაცია, აშკარად, აყალიბებს ე.წ. „გარყვნილების სტიგმას“ და მას, ცალსახად, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლურ ქვეყნებთან აიგივებს. ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა მიმდინარე წლის 17 მარტს მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი: მურმან ნაჭყებიამ, ორგანიზაციის სახელით, დაბადების დღე მიულოცა სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანს და მისი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნები მოიყვანა. ციტატა წერილიდან: „თქვენ ბრძანდებით უნივერსალური პიროვნება, სიმართლისათვის დაუღალავი მებრძოლი, სამშობლოზე, მშობლიურ ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული, ცნობილი მეისტორიე. ამის დასტურია თქვენ მიერ ქვეყნებადი წერილები, სტატიები და პუბლიკაციები მასმედიის ფურცლებზე სტალინზე და ბერიაზე. გისურვებთ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლეს ერის სიფხიზლის სადარაჯოზე“. ჩვენი სახელმწიფო 25 წელზე მეტია ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა და უკვე რუსულ გავლენებს, რუსულ ოკუპაციას, გათავისუფლდეს ყველა იმ მავნე გავლენისაგან რაც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა, მათ შორის იოსებ სტალინმა და მასობრივი რეპრესიების მეთაურმა ლავრენტი ბერიამ უმძიმეს მემკვიდრეობად დაგვიტოვეს. ვიცით რა გრიგოლ ონიანის პოზიტიური დამოკიდებულებები და მისი ნაწერები სტალინის შესახებ, მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება (საჯარო მილოცვა) წინააღმდეგობაში მოდის ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ინტერესებთან და ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში.ისევე, როგორც მილოცვის ადრესატი გრიგოლ ონიანი, „საზოგადოება ზუგდიდელიც“ ხშირად არის შემჩნეული სიძულვილის ენის გამოყენებაში. „ზუგდიდელი“ განსაკუთრებით გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით. მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოება ზუგდიდელი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პირდაპირი მოვალეობაა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მისი საქმიანობიდან აშკარად იკითხება პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვითხოვთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი „საზოგადოება ზუგდიდელთან“. დაუშვებელია, რომ პრორუსული განწყობების გამავრცელებელი, სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამორჩეულმა ადამიანებმა რჩევები მისცენ ზუგდიდის მერს ადგილობრივ საჭიროებებზე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში იყვნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები”. პატივისცემით, ეგნატე შამუგია, პეტიციის ტექსტის ავტორი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი.

თავის მხრივ, საზოგადოება ზუგდიდელის წარმომადგენელმა მურმან ნაჭყებიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ ეგნატე შამუგიას განცახდებაზე კომენტარს არ გააკეთებენ. “ბატონ ეგნატე შამუგიას თუ რამე აქვს სათქმელი, მობრძანდეს საზოგადოება “ზუგდიდელში” და ნებისმიერ კითხვაზე მიიღებს პასუხს”.

ეგნატე შამუგიას შემუშავებულ პეტიციაზე კომენტარს არ აკეთებენ ზუგდიდის მერიაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ არცერთ  არასამთავრობო ორგანიზაციას კარს ვერ ჩაუკეტავენ. “საკრებულო მზად არის ნებისმიერ ზუგდიდელ მოქალაქეს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუსმინოს. თუ პეტიცია ოფიციალურად შემოვიდა საკრებულოში. საკრებულო განიხილავს პეტიციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”.-უთხრეს “ზუგდიდელებს” საკრებულოს პრესამსახურში.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!