“შევხვდეთ შობას ქველმოქმედებით”


მარიამ ხუფენია 16 წლის გათხოვდა. ახლა ცხრამეტისაა და ორი შვილი ჰყავს. ცოლ -ქმარი ცალკე ცხოვრობს. ქმარი თურქეთშია წასული სამუშაოდ. სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, დახმარებას იღებენ, მაგრამ … მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში, დღეს, მარიამი თავის ორ შვილთან, დედასთან და ძმასთან ერთად მოვიდა. მისმა პატარებმა საჩუქრად ტანსაცმლები და სათამაშოები მიიღეს და რაც ძალიან სასიამოვნო იყო მათთვის, თანატოლებთან იმღერეს, იცეკვეს და ბევრი ირბინეს ულამაზესი ნაძვის ხის გარშემო.
მარიამმა დიდი მადლიერებით მიიღო საჩუქრები. ერთ მოსასხამს, რომელიც თავისთვის მოეწონა, უმნიშვნელო, მაგრამ შესამჩნევი  წუნი ჰქონდა კიდეზე, – ამას  ისე ამოვკემსავ, არც დაეტყობაო და ჩანთაში სათუთად ჩაიდო. არაერთგზის თქვა მადლობა ყურადღებისთვის. სახლში რომ მოგეტანათ, არ იქნებოდა ჩემი პატარებისთვის ასეთი შთამბეჭდავი, დღეს ისინი ძალიან ბედნიერები არიან რომ სასახლეში მოვიდნენ და მათი ტოლი ბავშვების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ, თანაც კიდევ  საჩუქრებიც რომ მიიღესო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის (დირექტორი ნინელი ჭითანავა) ბავშვთა ორგანიზაცია ‘’ოდაბადეს’’ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, სასახლის “წითელ დარბაზში” ჩატარდა აქცია  ‘’შევხვდეთ შობას ქველმოქმედებით’’. ღონისძიება გაიხსნა მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ‘’რიბი-რაბოს’’ მცირე კონცერტით . მისი დასრულების შემდეგ, ოთხ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა პირველადი მოხმარების ნივთები. მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ამოერჩათ სასურველი ნივთები, იმ შემოწირულობებიდან, რომელიც სასახლის აღსაზრდელებმა მათთვის შეაგროვეს. აქციის ორგანიზატორმა,  ‘’ოდაბადეს’’ ხელმძღვანელმა მედეა თორიამ zugdidelebi.ge- ს უთხრა:

‘’უკვე მესამე წელია ვატარებთ აქციას ‘’შევხვდეთ შობას ქველმოქმედებით’’. პროექტის ფარგლებში ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სასახლის პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა ამ აქციაში, გაიღეს ყოველდღიური საჭიროების ნივთები – ტანსაცმელი, წიგნები, ბავშვებისთვის სათამაშოები, სადღესასწაულო აქსესუარები. წელს, პირველად მოხდა, რომ საჩუქრები ოჯახებს, აქ, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, მოკრძალებული კონცერტის შემდგომ გადაეცათ, წინა წლებში თავად ვსტუმრობდით ოჯახებს და იქით მიგვქონდა საჩუქრები.  ჩვენი მიზანია, რომ ეს აქცია არ იყოს ერთჯერადი, მხოლოდ საშობაოდ… თითოეულ ზუგდიდელს მოვუწოდებთ, მოგვაკითხონ ნებისმიერ დროს, მოიტანონ ნივთები, რომლებიც მათ არ სჭირდებათ, მაგრამ ვარგისია. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვიყოთ შუამავალნი ქველმოქმედი ადამიანებისათვის!’’

ავტორი: ლუკა კიტია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!