ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტი ჯიჯიში


2014 წლის 13 ნოემბერს, 15 საათზე ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯიჯი რეგიონის საჯარო სკოლების მეშვიდეკლასელებსა და მათ მშობლებს იწვევს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაზე. პროექტის განსახორციელებლად მოწვეულია სტუ-ს სრული პროფესორი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი, ბუკის ცნობილი პროგრამების ავტორი, ბატონი დავით სონღულაშვილი. მოსწავლეები ჯიჯის რეალურ-ვირტუალური სასწავლო ლაბორატორიების ბაზაზე დაეუფლებიან გამოყენებითი ფიზიკა-მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძვლებს, აითვისებენ რობოტოტექნოლოგიებს, შეიძენენ კვლევით და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შექმნიან და რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში წარადგენენ ნამუშევრებს, რითაც ასახელებენ საკუთარ სკოლას. ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტი იმუშავებს შაბათობით, რათა ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს. ამასთანავე, პროექტში მონაწილეობა გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და გაუადვილებს მათ სასკოლო და მისაღები გამოცდების პროგრამების დაძლევას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და მის წარმატებულ მონაწილეებს გზა ეხსნებათ უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტულ სპეციალობებზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.