შსს ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე განცხადებას ავრცელებს 


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.