“ქერუბიმი”-ჩვენ არ ვირჩევთ მოსწავლეებს, ისინი გვირჩევენ


  • ზუგდიდელ ქორეოგრაფ ცოლ-ქმართან, ქორეოგრაფიული ანსამბლის „ქერუბიმის“ ხელმძღვანელებთან: თამარ შანავასთან და ლევან გაბედავასთან “ზუგდიდელების“ საუბარი, მარტო ცეკვის ხელოვნებას არ შეჰხებია.

ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ

თამარ შანავა: – “ზუგდიდელი ვარ, ჯიხაშკარიდან. 2010 წელს დავამთავრე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის პირველი საჯარო სკოლა. პროფესიით ვარ ბიზნესისა და სამართლის სპეციალისტი-სამართალმცოდნე. სპეციალობით გახლავართ სამართალმცოდნე. ვმუშაობდი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. პანდემიის დროს, როგორც უმრავლესობა, დავრჩი სახლში. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე მეტი დრო დამეთმო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ქერუბიმის” განვითარებისთვის, რომელიც თავის დროზე მე და ჩემმა მეუღლემ ლევან გაბედავამ დავაფუძნეთ.  

-ლევანი გაბედავა: -“ჩაგერთვებით… მეც ზუგდიდელი ვარ. ქართული – ხალხური ცეკვების ქორეოგრაფი. 2000 წლიდან 2007 წლამდე ვცეკვავდი კომბინატის კულტურის სახლთან არსებულ ქართული – ხალხური ცეკვების სტუდია “ფენიქსში”. ჩემი აღმზრდელი ქორეოგრაფი არის გურგენ ხორავა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული ზრდის და განვითარებისთვის. 2007 წლიდან კი, ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ჩელას” მოცეკვავე. 2016 წლიდან კი ვარ, რეზო ბულიას სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “ჩელას” მსახიობი- მოცეკვავე.

2017 წელს დავამთავრე ა.ა.ი.პ. “მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი“, სადაც მომენიჭა ქორეოგრაფ – რეპეტიტორის კვალიფიკაცია. თუმცა, ჩემს მთავარ დიპლომად, ასე ვთქვათ, მიმაჩნია, ის თაობა, რომელსაც ვზრდით და რა შედეგიც გვაქვს. როცა წარმატებულ მოსწავლეებს ზრდი და იმსახურებ მათ სიყვარულს, აყვარებ შენს საქმეს, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ქორეოგრაფისთვის.

12 წლის წინ, მაშინ 20 წლის ვიყავით, დავაფუძნეთ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ქერუბიმი”, რომელიც ჩვენი ოჯახია, რომელსაც ვესათუთებით და ვცდილობთ, ჩავდოთ ჩვენს აღსაზრდელებში ის ცოდნა, რაც გვაქვს ამ საქმეში. მას შემდეგ მრავალი თაობა ჰყავს ანსამბლ “ქერუბიმს”. დღეისთვის ანსამბლში გვერიცხება დაახლოებით 140 – მდე მოსწავლე.

ქორეოგრაფია მოითხოვს სასცენო სტანდარტებს, თქვენი შერჩეული მოსწავლეებიც ამ სტანდატების შესაბამისი იქნებიან

-ანსამბლები, რომლებიც აკადემიურია მოითხოვენ, რა თქმა უნდა, სტანდარტებს. სტუდიაში ცეკვის დაუფლების უფლება კი ყველა ბავშვს აქვს, ამიტომ შერჩევის გზით არ ხდება ჩვენთან აღსაზრდელის მიღება. ჩვენ არ ვირჩევთ მოსწავლეებს, ისინი გვირჩევენ და ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის. სწორედ მასწავლებლის სწორი მიდგომით ყალიბდება სიყვარული, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ ჩემი მოსწავლეებისაგან.

-თამარ, “ქერუბიმის“ საგასტროლო ცხოვრებაზეც გვესაუბრეთ.

თამარი: ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა მნიშვნელოვან ფესტივალ- კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას და გვაქვს არაერთი წარმატება. რვა დღით ვიმყოფებოდით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასში.

რა მოგცათ ამ პროფესიამ, გაამართლა თქვენი მოლოდინი?

-პროფესიამ მოგვცა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება: წარსული, აწმყო და მომავალი. ეს არის ჰაერი, რომელსაც ვსუნთქვთ მე და ჩემი მეუღლე და შვილები. ისინიც ჩვენთან ცეკვავენ. ანდრია სწავლობს ქართულ-ფრანგულ კოლეჯში, ანასტასია ბაგა- ბაღის “რიბი რაბოს” აღსაზრდელია, მაგრამ ორივე უკვე ანსამბლის წევრები არიან.

-ლევან, გაბედავების სხვა წარმომადგენლებიც თუ ცეკვავენ?

ლევანი: დიახ. ჩემი ძმა ლაშა გაბედავა არის ქორეოგრაფი. ისიც როგორც მე, ემსახურება ქართულ ქორეოგრაფიას.

ბედნიერი ხართ თქვენი პროფესიით და საქმით?

-ჩვენ გვიყვარს ჩვენი პროფესია და საქმე-ეს გვიქმნის კომფორტს, შესაძლებლობას დავძლიოთ წინააღმდეგობები და ვიყოთ ბედნიერები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-უახლოესი გეგმა, რაც გვაქვს არის გასვლითი კონცერტი ხუთ ნოემბერს მარტვილში, სადაც მიწვეულია ჩვენი ანსამბლი “ქერუბიმი”. დანარჩენს  საიდუმლოდ შევინახავთ.

-თამარ, გვიამბეთ თქვენზე, ცეკვამ დაგაკავშირათ ერთმანეთს?

თამარი: დიახ, ცეკვამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ორივე ერთი ასაკის ვიყავით 16 წლისანი. გაცნობიდან ერთი წლის მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობის ყველა დღე ტკბილად არის მოსაგონარი ჩვენთვის. სითბო, სიყვარული, ერთგულება, ერთმანეთის გაგება და პატივისცემა გვინარჩუნებს.

-ლევან, რომ არა ზუგდიდი სად იქნებოდით?

ლევანი: მაინც ზუგდიდში ვიქნებოდით, სხვაგან ვერც წარმოგვიდგენია ჩვენი თავი.

რას აფასებთ ადამიანში?

-ადამიანებში ერთგულებას და ნდობას ვაფასებთ, ყველაზე კომფორტულია იმ ადამიანის ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი ადგილი იცის.

და ბოლოს, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს და მთელ საქართველოს ვუსურვებ  წარმატებულ, განათლებულ და ერთმანეთის სიყვარულით სავსე მომავალ თაობას. ეს ყველაფერი კი მოგვცემს მყარ, ერთიან საქართველოს.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.