ქეთევან გაბრიაძე-პატარების ტკივილის მესაიდუმლე

  • ჩვენი სტუმარია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის პედიატრიული მიმართულების უფროსი, ქალბატონი ქეთევან გაბრიაძე. ქალბატონ ქეთევანს ქალაქში იცნობენ როგორც სანდო ექიმს, პატარების მესაიდუმლეს და მათი ტკივილების უზადო გამგებს. გაბრიაძეები წარმოშობით იმერლები არიან, ქალბატონი ქეთევანი 43 წელია მეგრელების რძალია და თავს მეგრელად უფრო თვლის, ვიდრე იმერლად.

-რთული იყო იმერელი ქალბატონის სამეგრელოში დამკვიდრება?

– ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი,–თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, უკვე, მეგრელების რძალი ვიყავი. ხომ იცით, სიყვარულმა არ იცის დრო და საზღვრები. რა თქმა უნდა, რთული იყო დამკვიდრება, შეჩვევა… 43 წლის წინ, მე მიყურებდნენ როგორც უცხოს. დრო დასჭირდა გაეგოთ ჩემთვის. რომ ნახეს, ჩემი მათდამი უანგარო დამოკიდებულება, მენდნენ. მე მათ თვალებში ვხედავ, რომ მაფასებენ და ვუყვარვართ. ეს რა თქმა უნდა, ხალხში, თორემ ოჯახში თავიდანვეც არანაირი პრობლემა არ მქონია. ენის შესწავლას რაც შეეხება, ექვს თვეში უკვე ავლაპარაკდი მეგრულად.

– ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს-რომელი იმერული ტრადიცია ვერ დაივიწყეთ, ან რომელი მეგრული ტრადიცია მოგწონთ?

– მე ვერ განვასხვავებ მეგრულ და იმერულ ტრადიციებს ერთმანეთისგან. სტუმართმოყვარეობა, სითბო მეგრელებშიც განსაკუთრებულად მომწონს,- ერთმანეთის გატანა, გვერდში დგომა ჭირსა და ლხინში…

– პედიატრია ურთულესი სპეციალობაა მედიცინაში,- პატარებს უთქმელად უნდა მიუხვდეთ სატკივარს, პრობლემებს… რამდენად რთული გზის გავლა მოგიწიათ სანამ გამოცდილებას მიიღებდით?

– როგორც ყველა ექიმმა პედიატრმა, მეც ურთულესი გზა გამოვიარე. ზოგადად, ექიმობა რთული პროფესიაა, დიდ პასუხისმგებლობას და შრომას მოითხოვს… ექიმი საკუთარ თავს, ოჯახს არ ეკუთვნის. ის გადართულია პაციენტებზე, ამაში ყველა ექიმი დამეთანხმება. მუდამ საკუთარი თავის ძიებაში ხარ, ფეხი უნდა აუწყო სიახლეებს.  აი, პედიატრობა კი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ჩვენ არამარტო ბავშვების, არამედ მათი ოჯახის წევრების, მშობლების, ახლობლების კეთილგანწყობა უნდა დავიმსახუროთ. პედიატრმა უნდა გაიგოს და გაითავისოს ბავშვის არამარტო ფიზიკური ტკივილი, არამედ ოჯახის სოციალური მდგომარეობა, რომ სწორად მიუდგეს და სწორად უმკურნალოს პატარას. წლები სჭირდება გამოცდილების მიღებას, სიყვარულის მოპოვებას, სანდოობას თუნდაც.

– წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, სანდო ექიმი, კარგი მეგობარი, მეუღლე, დედა, ბებია…  ამ ყველაფერს როგორ უთავსებთ ერთმანეთს.

-როგორც გითხარით, ექიმობა ძალიან დიდ შრომას, დროს მოითხოვს. რთულია ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსო და ყველა სფეროში იყო წარმატებული, მე ამაში ოჯახის დიდი თანადგომა და მხარდაჭერა მაქვს, განსაკუთრებით ამ მხარდაჭერას ვგრძნობ მეუღლისგან გივი ფიფიასგან, რომელიც პროფესიით ინჟინერია. რომ არა ეს თანადგომა, მე ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე, მიუხედავად იმისა, რომ მე, თავადაც, სულიერად ძლიერი და მტკიცე ხასიათების ადამიანი ვარ. მინდა გითხრათ, ჩემი ტკივილის შესახებ. ხუთი წლის წინ გარდამეცვალა ძმა მერაბ გაბრიაძე, რომელიც ბავშვთა რეანიმატოლოგი იყო. მას სამეგრელოშიც კარგად იცნობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ.

– შვილებმა თუ აირჩიეს ექიმის პროფესია?

– ორი შვილი გვყავს – თამარი და გიორგი. თამარი ექიმია, ონკოლოგი, “თანაზიარის” კლინიკური მენეჯერი. ასევე მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. გიორგი პროფესიით იურისტია, ამჟამად არ მუშაობს. ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ.

– ქვეყანა პანდემიამ გადააწყო ახალ წესზე, თქვენ როგორც გამოცდილ პედიატრს, მინდა გკითხოთ, რა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ვირუსმა პატარები და მათი ოჯახები?

– ზოგადად, პანდემიამ, მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გაიზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახებისა და ქვეყნის წინაშე და აუცილებელი გახდა იმ რეკომენდაციების შესრულება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს. გაიზარდა პასუხისმგებლობის და სიფრთხილის გრძნობა. განსაკუთრებული მეთვალყურეობა გახდა საჭირო ბავშვებზე და მათ ოჯახებზე. არამარტო კოვიდის ინფექციის შემთხვევას, არამედ ავადობის ნებისმიერ შემთხვევას, უფრო დიდი სიფრთხილით ვეკიდებით.

– ამბობენ,  პატარები იშვიათად იღებენ კოვიდს, მაგრამ შეიძლება იყვნენ მატარებლები და სხვას გადასცენ ინფექცია. რა რეკომენდაციები გაქვთ პატარების და დიდების ურთიერთობაზე?

– ეს საკითხი ბოლომდე არ არის დადგენილი. ისე, პატარებში ავადობის  უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე მოზრდილებში. ამას განაპირობებს მათი ფიზიოლოგიური თავისებურებები და ის, რომ ქრონიკული დაავადებები ნაკლები სიხშირით გვხვდება პატარებში. ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს, რომლებიც  ამ კოვიდ ინფექციის მიღების საშიშროების წინაშე დგანან.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შეიძლება, ბავშვებმა გადაიტანონ ვირუსი,მაგრამ გახდნენ მტარებლები და გამოიწვიონ დაავადება უფროსებში. ამიტომაც, ყოველ ახალ შემთხვევას, დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით.  ვცდილობთ, გავათავისებინოთ ოჯახებს, დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც არის საჭირო: ხელების ხშირი დაბანა, საჰაერო გზების ჰიგიენა და დისტანცია და ა. შ.

– კოვიდის პერიოდში, თითქოს, უკუიქცა სხვა ქრონიკული დაავადებები. საინტერესოა ბავშვებში როგორ არის?

– სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო იზოლაციის წესები,  სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დროული დახურვა… სწორედ ამან შეამცირა  ავადობა და სხვა რესპირატორული ინფექციები.

– და ბოლოს, რას უსურვებთ პატარებს?

– როგორც გითხარით, ექიმის პროფესია ფიზიკურ და სულიერ დატვირთვას და ექიმისგან თავგანწირვას მოითხოვს. მე მზად ვარ, კიდევ დიდი ხანი ვემსახურო ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. მინდა, ყველა ჩვენგანმა,  განსაკუთრებით კი ბავშვებმა, იცხოვრონ  მშვიდ ქვეყანაში, მიიღონ განათლება, რადგან განათლება არის ყველაფრის თავი და თავი.

“ზუგდიდელები”

  •  
  •  

კომენტარი

  1. Elmira

    Me dzalian miyvars es eqimi.es qalbatoni yvelaprianad gamorcheulia dzalian tbili da yuradgebiani eqimia.chemi uprosi shvilis eqimi iyi.misma ertma micemulma camalma me shvi gadamirchina.didmadlobas uxdi qalbaton qetevans❤❤

  2. Tako

    Zalian katgi eqimi brzandebit qetino eqimi sul warmatebebiii

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.