ზუგდიდელებისათვის კარგად ცნობილი ქალბატონი მაია კალანდია, ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს,- იმ განცდებს, ემოციებს და ტკივილს, რომელიც მან, მისმა ოჯახმა, ოჯახის სტუმრებმა და ზოგადად, ზუგდიდელებმა გადაიტანეს იმ დღეებში. ” 2008 წლის მარტის თვეში ჩემი ქალიშვილი გათხოვდა. რადგანაც სიძე ფრანგი იყო, წინასწარ, არაქართულად დავგეგმეთ საქორწილო წვეულებები ორივე მხარეს. ივნისის ბოლოს პარიზში. 9 აგვისტოს ზუგდიდში. 20-მდე სტუმარი საფრანგეთიდან, სიძის მშობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები 6 აგვისტოს თბილისში ჩამოფრინდნენ.წინასაქორწილო სამზადისის გამო, (მოგეხსენებათ ჩვენი წვეულებების დრამატულობა), თითქმის გამოვეთიშე გარე სამყაროს, თან შვებულება მქონდა აღებული (იმ პერიოდში ვმუშაობდი სამეგრელო-ზემო-სვანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსად).
7 აგვისტოს საღამოსთვის, უცხოელი ნათესავები უკვე ზუგდიდში ჩამოვიდნენ. ცხინვალის რეგიონში ფაქტიურად ომია. დაბნეულობა, გაურკვევლობა. არ ვიცით რა ვქნათ, როგორ განვითარდება მოვლენები. სტუმრებს ვუმალავთ იმას, თუ რა ხდება ჩვენს თავს. 8 აგვისტოს საღამოსკენ განმუხურის ბანაკის დაცლა დაიწყო და ვხელმძღვანელობდი ახალგაზრდების სახლებში დაბრუნების პროცესს. 8 აგვისტოს ღამე გუბერნიის შენობაში დაგვათენდა მე და ლაშა ბერულავას. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ინტერნეტი შეუფერხებლად მუშაობდა და ადგილზე არსებულ ინფორმაციას გადასცემდა ლაშა კოლეგებს. ცაზე რუსის თვითმფრინავები დაზუზუნებდნენ, გვირეკავდნენ დაგვეტოვებინა იქაურობა, რადგანაც აღნიშნული შენობის დაბომბვის საშიშროება არსებობდა, ლოგიკურად.
9 აგვისტო ბუნდოვნად მახსოვს – გაურკვეველი და შფოთიანი. ეკლესიაში მივედი მაშინ, როდესაც ჯვრისწერა სრულდებოდა. ვემალებოდი სიძის მშობლებს, არ ვიცოდი რა მეთქვა, რა პროგნოზები არსებობდა. ვიღიმოდი, რომ არ შემტყობოდა და არ დამეფრთხო ისინი. იმედს ვიტოვებდი (ეს ალბათ უფრო სურვილი იყო), რომ შეწყდებოდა საომარი მოქმედებები.
სტუმრები მოდიოდნენ, გვილოცავდნენ და გარბოდნენ. რაღაც ჩატარდა ქორწილისმაგვარი. შეშინებული და გადარეული სახეები ახლაც მიდგას თვალწინ.
10 აგვისტოს დილას, როდესაც უკვე ურთის მთას დაარტყეს რუსებმა და დაბომბვისგან სახლები აზანზარდნენ, სტუმრებისთვის ყველაფერი გასაგები იყო. სიძის მამამ გადაწყვეტილება მიიღო სტამბულიდან გაფრენილიყო სასწრაფოდ თავის ოჯახთან ერთად და გვთხოვა სარფამდე მიგვეცილებინა. ჯერ კიდევ ჩვენს მთავრობას განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული.
სარფის საზღვართან ქვეყანა ირეოდა. ქართველი ,,ცნობადი“ სახეები დატვირთული ჯიპებით ტოვებდნენ სამშობლოს. იყო რიგი და გნიასი. ჩემს ქალიშვილს არც უფიქრია ჩვენი დატოვება, შესაბამისად მისი მეუღლეც აქ დარჩა. სიძის მშობლები და ოჯახის წევრები ტიროდნენ და აღელვებულებმა დაგვტოვეს, მაგრამ არც უკადრებიათ შვილისთვის ეთქვათ, რომ მათთან ერთად წასულიყო. ისინი გრძნობნდნენ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო მამაკაცმა თავისი მეუღლისა და ჩვენი ოჯახის წინაშე.
აქ შემოგთავაზებთ ორ ფოტოს – ერთი გადაღებულია 2008 წლის 9 აგვისტოს, ქორწილის დღეს, გარეთ სროლებია და ჩემი მეუღლე ამშვიდებს სიძე-პატარძალს. დავით ქვარცხავა რომ არა, ეს ფოტოებიც არ გვექნებოდა. ამ ფოტოს კომენტარი არც სჭირდება. მეორე ფოტოსაც ვდებ იმისათვის, რომ ნახოთ როგორები არიან ისინი სინამდვილეში.”