ისევ უძინართა სიზმრებზე…


  • “დღეს 2 აპრილია… სიყვარულს და პოზიტივს გიგზავნით მე და ნათი. სულიერ სიმშვიდეს და შემწყნარებლობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს! იმედს გამოვთქვამ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ამას ორი ძალიან ჯიუტი ადამიანი გეუბნებით, ცხოვრებამ დინების წინააღმდეგ ცურვა რომ გვასწავლა!”-დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. კორონავირუსის პანდემიამ თითქოს გააქრო ეს დღე კალენდრიდან, მაგრამ… ამ სტრიქონების ავტორი მაია კვარაცხელია მოკრძალებით და თბილად გვეხმიანება თავისი ფეისგვერდიდან, სათქმელს გვეუბნება და ქრომოსომამეტ ადამიანებს გვახსენებს. “ზუგდიდელებმა”, თავისი არქივიდან, თქვენთვის, ამოიღო მაიას, აუტისტური სპექტრის გოგონას დედის, ჩანაწერები სახელწოდებით “უძინართა სიზმრები”.

“…მე და ნათიამ ერთმანეთი მოსკოვის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გავიცანით. მაშინ, პირველად მივხვდი, რომ მზე ღამეც ამოდის, თუ მის დანახვას შესძლებ! ტყუილად ჰგონიათ ადამიანებს, რომ ბედნიერებას ერთი სახე აქვს, ან ერთი სახელი ჰქვია. ის იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც არსებობს!
…მაშინ, უსაზღვროდ ბედნიერს, პატარა, თბილი არსებით გულზე, ვერანაირი ძალა ვერ დამარწმუნებდა,რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც, იმ დროისთვის, ჩემთვის უცნაური სახელი “აუტიზმი” ჰქვია…
… წლების შემდეგ, მომიწევს მტკიცება, რომ ნათია აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა უამრავი სპეციალისტის თვალწინ… ჯერაც ვერ ვაცნობიერებ, რომ მეამბოხე დედა უნდა გავხდე, ნათი რომ დავიცვა აგრესიისაგან, რომელსაც ძალიან მახინჯი ფორმით ავლენს საზოგადოება მისი მსგავსი ბავშვების მიმართ. ძალიან ბევრი შემთხვევის შემდეგ დანამდვილებით ვიტყვი, რამდენად გვაძლიერებს განსაცდელში უფალი! სხვა განცდა არ მოეძებნება ამდენი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის ატანას, ფეხზე დგომის სურვილს და ძალას, ამდენი დაცემის შემდეგ.
ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ახლა უკვე სამი შვილის დედა, ვიტყვი, რომ ნათია განსაკუთრებული პატარა იყო. ცნობისმოყვარე, აქტიური, პოზიტიური და მოსიყვარულე. ისეთ პრაგმატულ მეგაპოლისში, როგორიც მოსკოვია, არ მახსენდება გულგრილად ჩაევლოთ მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს.
– ,”რა გქვია პატარა ანგელოზო ? “- ნათი სკულულებიან თვზე ხელი გადაუსვა უცნობმა ქალბატონმა.
ნათიმ თავისი ლურჯი თვალების უსასრულობიდან გახედა უცნობს და მხოლოდ გაუღიმა…
– ,,ის ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს…“- დაკარგული ხმით ვუპასუხე და მთელი არსებით ვიგრძენი სულიდან სხეულში გადმოსული სუსხი…
რაღაც სხვანაირი მეჩვენება ეს ქალაქი, ეს ქუჩები, ადამიანები, ეს სამყარო! მეცოტავება, საკუთარ გულისცემას ვგრძნობ და ფეხქვეშ აცურებულ დედამიწას!
ჭეშმარიტებაა გამონათქვამი-,,რაც არ გკლავს-გაძლიერებს!“ არადა, რამდენჯერ მინატრია ნათის განწირული კივილის გაგონებისას, სიკვდილი და სიკვდილში ნაპოვნი სიმშვიდე! მერე კი, დამშვიდებულს, შენდობა მითხოვია უზენაესისთვის.
ძალიან მძიმეა ეს ჯვარი,უფალო, ჩემთვის, თუ მე ვარ სუსტი ამ სიმძიმისთვის?!- არ ვიცი…
ნათის არსებობამ ჩემს ცხოვრებაში ერთ რამეს მიმახვედრა, ერთსა და იმავე სიტუაციაში, ორი სხვადასხვა ადამიანი, აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას დაინახავს. ან იღებ არსებულ ფაქტს და ცდილობ მოერგო მას. თვალიც კი ჩაუკრა ტკივილს, რომელიც შინაგანად, დღითიდღე გჭამს. ან მოთქვა და იტირო იმაზე, რასაც ვერ შეცვლი. მეორე, თვითგანადგურების ინტენსიური პროგრამაა. მე პირველს ვირჩევ, ნათის გულში ვიკრავ და საკუთრ თავს ხმამაღლა ვეუბნები, რომ ჩემს წინ არსებული ყველა კედლის მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება! ამ კედლებს შემოვუვლი თუ გავანგრევ, სულერთია, ათინათს მაინც ვიპოვი!
ყველაფერზე მწარედ, წლების გადასახედიდან, რაც მახსენდება, ეს ახლობლების, ნაცნობების, უცნობების, არამკითხეების და ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებაა. არ დავიღლები იმაზე ლაპარაკით, რომ უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობაზე, სამართლიანად, პრეტენზიის მქონე ერს, თანამედროვეობაში ელემენტარული ქცევის პრობლემები აქვს! მხოლოდ ყველა თობის ერთეულ ცნობილ, თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე დგას დღევანდელობა, და არა მხოლოდ!
ამ დროს არ შეიძება არ გაგიჩნდეს უსამართლობის განცდა, არ გაგიჩნდეს აგრესია იმ პრაგმატული, ხშირად ინდიფერენტული სამყაროს მიმართ, რომელიც, მინიმუმ, რიყავს ადამიანებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი, შენი შვილია. მე სუბიექტური ვარ, დედა ვარ! არ შეიძლება არ ვიყო სუბიექტური. ეს უფრო არანორმალური იქნებოდა, ვიდრე ასას სინდრომის მქონე ყველა ადამიანის უფლებების დაცვის სურვილია.
ღმერთო, ნეტავ, როდის მივახვედრებ, რომ მარხვაში, გადაპრანჭული ნამცხვრის ჭამაზე მნიშვნელოვანი, ელემენტარული ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და შემწყნარებლობაა…
ახლა ის შემთხვევა გამახსენდა, როცა მოძღვარმა მირჩია, მეზიარებინა 5 წლის ნათი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ტაძარში მიმეყვანა ( მათ, ზიგადად, არ უყვართ ხალხმრავალი ადგილები). მე ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცოდი აუტიზმზე. ვითხოვე, გაეტარებინათ ბავშვი, რომელსაც უჭირდა მაზიარებელთა უსაშველო რიგში დგომა და ლოდინი. .. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, ის სახეები, ის მოძღვარი, რომელსაც არც გაუპროტესტებია ტაძრიდან უზიარებელი ბავშვის გაშვება. მთელი ჩემი ცნობიერება საფუძვლიანად შეიცვალა იმ დღეს!
მე და ნათი უძველესი და მრავლისმნახველი ეკლესიის მყუდრო ეზოში გამოვედით და ბებერი წიწვოვანი ხეების ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქეთ. არაამქვეყნიური სიჩუმე სუფევდა გარეთ! მე იმ დღეს რეალურად დავინახე ცის კაბადონზე მომღიმარი ქრისტე!
არ ვიცი, თვალებით, გონებით თუ გულით, მაგრამ დავინახე!
გულწრფელად შემეცოდა ტაძარში დარჩენილები, რომლებიც ცხონებას ერთმანეთის გათელვით ცდილობდნენ!
ნათიმ პატარა ხელებით მომწმინდა სახეზე ცრემლებად წამოსული ემოცია, თან ისე, რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის!..
მამა მანქანაში გველოდა, მხოლოდ მისთვის ჩვეული სიმშვიდით. ახლა, როცა მამა აღარაა, უფრო ვუღრმავდები და ვხვდები, რატომ ჰქონდა ნათის მასთან გამორჩეული დამოკიდებულება. ის განსაკუთრებული ბაბუა იყო, მასთნ ურთიერთობა კი, თავისუფალი და კომფორტული.
ნათი გულით გრძნობს ადამიანებს, გონების და მატერიალური ფასეულობის მიღმა. ეს სულიერების სხვა საფეხურია, მესამე თვალი, მეექვსე გრძნობა თუ ,,ვარდისფერი ბეჰემოთი“- რაც გნებავთ, ის დაარქვით!
მათ სამყაროში არსებობს დანარჩენი სამყაროსთვის უცნობი ფერები!
მე ეს ფერები, წლების წინ, ნათიასთნ ერთად დავინახე, აღვიქვი და მისი განსხვავებული სამყარო, მასთან ერთად დავინახე, აღვიქვი და მისი განსხვავებული სამყარო, მასთან ერთად შევიყვარე.
მაია კვარაცხელია"

პ.ს. 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!