სოფელს ეიმედება ახალგაზრდა გამგებელი


  • ზუგდიდის მერიის წარმომადგენელს სოფელ ოქტომბრის მუნიციპალიტეტში პალიკო (პაკო) გეგეჭკორს უყვარს თავისი სოფელი, ახარებს მისი წარმატებები. სოფელსაც უყვარს და ენდობა, ამიტომაც გამოუცხადეს მას ნდობა.

პალიკო გეგეჭკორი: – “დავამთავრე თბილისის მეათე საჯარო სკოლა. შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუდამ ჩართული ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოვსულიყავი და ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა ხალხისთვის. ოქტომბერი ჩემი მშობლიური სოფელია. ბავშვობის დიდი ნაწილი აქ მაქვს გატარებული და უზომოდ მიყვარს აქურობა და ამან გადამაწყვეტინა მოვსულიყავი სოფლის სათავეში. მე ამაყი ვარ, ამ სოფლის გამგებელი, რომ ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, დროის უმეტესი ნაწილი გავატარო სოფლის მოსახლეობასთან, დაველაპარაკო მათ, მოვისმინო მათი სატკივარი და მათთან ერთად ვეძებო გზები პრობლემების გადასაჭრელად.

და რომელია ის უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღემდე აწუხებს თქვენს სოფელს და მის მოსახლეობას?

-დღემდე გადაუჭრელი პრობლემა ჩემი სოფლის მოსახლეობისთვის გზაა. უგზოობის გამო, საზარქუოს უბანში არ მოძრაობს ავტობუსი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ვცდილობთ, მალე მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებს სოფელს, გახლავთ სოფლის ამბულატორია. საქმე ისაა, რომ ამბულატორია შენობის მეორე სართულზეა. მოსახლეობა ითხოვს მის პირველ სართულზე განთავსებას. ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ ვცდილობთ, საკითხი გადავწყვიტოთ ისე, რომ ამბულატორიაში ვიზიტი პაციენტისთვის იყოს კომფორტული და სასიამოვნო.

ცხოვრება ასეთია, წარმატებას ყოველთვის ახლავს შური და უსამართლო შეფასებები… გიგრძვნიათ ამგვარი დამოკიდებულება?

-შურთან, ღვარძლთან და უზნეო საქციელებთან შეხება, საბედნიეროდ, არ მქონია.

–მოგვიყევით ოჯახზე?

-მყავს მშობლები: მამა-ზაალი გეგეჭკორი შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. დედა- ნინო სარჩიმელია დიასახლისია. მეუღლე გახლავთ ლიკა კუკავა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. გვყავს ორი ტყუპი გოგონები.

–და ბოლოს…

– ზუგდიდელებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებას, დაუღალავ შრომას ქალაქის, ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ.

ოქტომბრის გამგებელი ეიმედებათ თანასოფლელებს. სოფლის მკვიდრი, საზოგადოება “ზუგდიდელის“ წევრი ზურაბ გულორდავა ამბობს, რომ სოფელ ოქტომბერისთვის ახალგაზრდა ხელმძღვანელი იმედია. “პალიკო ეიმედება სოფელს, აქ მცხოვრებ ყველა ასაკის მოსახლეობას. ვფიქრობ, სამაგალითოა, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის, რომ ოქტომბერს ახალგაზრდა თავკაცი ჰყავს. ყველაზე დიდი პრობლემა, სოფლისთვის ახალგაზრდების გადინებაა. ვფიქრობ, ახალგაზრდა რწმუნებულმა ყველაზე უკეთესად იცის ამ პრობლების მოგვარების გზა-რა უნდა გაკეთდეს სოფელში, რომ მომავალმა თაობებმა არ დატოვონ ის და იფიქრონ მისი განვითარება – გაძლიერებისთვის. წარმატებას ვუსურვებ პალიკოს, მე და ჩემი თაობა მუდამ ვიქნებით მისი მხარდამჭერი სოფლის საჭირბოროტო საკითხების მოგვარების საქმეში”.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.