ჯანსუღ ჯაბუა: ტრადიციული “მარულას“ სოფელია ორულუ


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჯანსუღ ჯაბუა.

ჯანსუღ ჯაბუა: “დავამთავრე ორულუს საშუალო სკოლა, შემდეგ ხარკოვის სოფლის მეურნეობის და ელექტროფიკაციის სახელმწიფო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიზატორის პროფესიით. ვიყავი ჩემი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. 2022 წლიდან კი, ვარ მერის წარმომადგენელი ორულუში. ჩემთვის ამ პოსტზე ყოფნა დიდი პატივისცემა და პასუხისმგებლობაა. ორულუ ისტორიული ტრადიციების სოფელია. აქ, მე – 19 საუკუნის შუა რიცხვებიდან იმართებოდა ცნობილი “მარულა”, სწორედ აქედან დაერქვა სოფელს „ორულუ“. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება, ყოველი წლის 28 აგვისტოს ტარდება “მარულა” და საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებს მასში მონაწილეობას. ამ დღეს, სოფელი სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, ჩამოდიან სტუმრები, ხალხმრავლობაა, თითქოს თავიდან იბადება სოფელი, ძველი ურთიერთობები გრძელდება, ახალი იწყება. სასიამოვნოა, რომ „მარულაში“ ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. ის, რის ესტაფეტასაც ახალგაზრდები იბარებენ, უკვდავია და თაობებს გადაეცემა.”

-ტრადიციების სოფლის ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა.

-რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. არადა, შეიძლება, სოფლის ხელმძღვანელობა, შორიდან ადვილ საქმედ მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ უზარმაზარ შრომასთან, ენერგიასთან, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ შენ უნდა გაუმკლავდე, დაიხარჯო, მოუსმინო, გაუგო ადამიანებს, ვისაც შენი ეიმედება. მეც ხომ ამ სოფლის შვილი ვარ. ხელმძღვანელი დაბალანსებული, მომთმენი, გულისხმიერი უნდა იყოს. მე ჩემი ხასიათებით, ხმაურიანი ისედაც არ გახლავართ, არც ისე დიდად ემოციური. შეიძლება ითქვას, ყველას მიმართ ვარ თავაზიანი. მაგრამ… ადამიანს, ღალატს, ზურგში დანის ჩარტყმას ვერ ვაპატიებ, თუმცა ესეც უფლისთვის მიმინდია.

-თქვენი ოჯახიც ორულის მკვიდრია. ოჯახზე გვესაუბრეთ…

-ჩემი მეუღლე არის მარიამ კუტალია. პროფესიით უცხო ენის სპეციალისტი, კერძოდ გერმანისტი. მარიამი გაგებით ეკიდება ჩემს ხშირ მოუცლელობას. გვერდით მიდგას, მეხმარება კიდევაც.

-რა არის თქვენი ოცნება?

-მე აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. ჩვენი დღევანდელი ყოფა, იმასთან შედარებით, რაც ჩემმა თაობამ გამოიარა წლების განმავლობაში, ალბათ კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა. მსურს, ყველა მოქალაქე თავისი საქმით იყოს დაკავებული და იყოს ეკონომიკურად ძლიერი. მინდა, გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოში იცხოვრონ ჩვენმა შვილება. ეს იქნება ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიყვარული, ტრადიციების პატივისცემა და დაფასება იქნება. ადამიანი განვლილ ცხოვრებას თუ გადახედავს, ბევრს აღმოაჩენს მოუსწრებელს, გაუკეთებელს, იქნებ, სანანებელ საქმესაც… მეც ასე ვარ და მინდა, მეტი გავაკეთო, მეტი შევძლო ჩემი ხალხისთვის, სოფლისთვის, ოჯახისთვის…

შოვში, მოულოდნელად დატრიალებულმა ტრაგედიამ და ამ ტრაგედიას შეწირულმა არაერთმა სიცოცხლემ, დაგვამწუხრა მე და ჩემი თანასოფლელები. მე, იმავდროულად, გამიორმაგა პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი ხალხის უსაფრთხოებისთვის. როცა ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში, ოჯახში ადამიანები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან, იქ არის სიმშვიდე, შრომა ხვავიან-ბარაქიანი და მომავალიც წარმატებული.

-კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ?

-კონკრეტული გეგმები მაქვს? ამის გარეშე არც შეიძლება… მოდით, დღეს და წინასწარ ნუ ვისაუბრებთ ამაზე…

-სოფლის რწმუნებულის ჰობი რა არის?

-ჩემი ჰობი არის კითხვა, ნადირობა, რისთვისაც ბოლო დროს ნაკლებად ვიცლი.

-თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი ვინ არის?

-ჩემი ქალიშვილი, ელისაბედ ჯაბუა.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდი, როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც, უბრალოდ საყვარელი ქალაქი არაა… ზუგდიდელობა ვალდებულებასაც ნიშნავს დიდი შინაარსით. ჩემს ზუგდიდელებს ვუსურვებ ერთმანეთის პატივისცემას, დაფასებას, დოვლათიანობას და ღირსეულ მომავალს.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!