საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნება

ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისში, სამკითხველო სივრცე მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთი-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება, ზუგდიდში მდებარეობს. სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გვესაუბრა.

-გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ.
-საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე. 2 წლის წინ, საქართველოს 6 რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, გურია-აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი), ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო – შემეცნებით ღონისძიებებს. რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს, გადავწყვიტეთ, ოფისებს, მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი, მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიცაა, რომლის რეგიონული ოფისიც ზუგდიდშია.

-ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა?
-მინდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკის გახსნა ადგილობრივებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში, უმეტესად, პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ “ბიბლუსს” თანამშრომლობისთვის.

-რას გვეტყვით ზუგდიდს რეგიონულ ოფისზე, რას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას?
-როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
2 წელია აღნიშნული ოფისები, მათ შორის ზუგდიდის ოფისიც, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე, დაესწროს სრულიად უფასოდ, ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვა. ამ ხსნის განმავლობაში, არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ ზუგდიდში.
მახარებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს აქტივობებში და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკასაც ჩვენს რეგიონში ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

-როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა?
-უნივერსიტეტი მუშაობს მთელი დატვირთვით და ვფიქრობ, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა. რაც შეეხება ზუგდიდის რეგიონულ ოფისს, დიდი ალბათობით, ბიბლიოთეკა, დეკემბერში გაიხსნება.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.