- „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკითხის მოსმენა დღეს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობდა.
ოპოზიციის ნაწილს, არასამთავრობო სექტორსა და მაუწყებლებს კანონპროექტის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, მათი მოსაზრებით კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს ზღუდავს, ამიტომ, ისინი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს არ უჭერენ.