- ზუგდიდელი სანდრო მიქენაია სწავლობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე, სამკაულის და ლითონის დეკორატიულ პლასტიკაზე. ახალგაზრდა შემოქმედი ცნობილი ხელოვანის თენგიზ მიქენაიას შვილია.
სანდრო მიქენაია: “-დავამთავრე ზუგდიდის N1 პირველი საჯარო სკოლა. პროფესიით დიზაინერი ვარ, სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ყოველთვის მაინტერესებდა მინიატურული დეტალების დამზადება. ბავშვობიდან ტიხრულ მინანქარს ვაკეთებ და ალბათ, ამ ყველაფერმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. სხვათშორის, მამაჩემი და ჩემი დაც მხატვრები არიან”.
-სანდრო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პროფესიის განსავითარებლად, საჭირო ინვენტარები გიყიდა...
-დიახ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ჩემი ქალაქი მუდამ გვერდში მიდგას და მეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევაში. 2013 წელს, როცა ტიხრულ მინანქარს ვეუფლებოდი მჭირდებოდა გარკვეული ხელსაწყოები, რომ განმევითარებინა ჩემი ცოდნა და გამომევლინა მაქსიმუმი ჩემი შესაძლებლობის, ამაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ. მაშინაც შემიძინეს საჭირო ინვენტარი. დღეს, ვდგავარ ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც უნდა გადავდგა ახალი ნაბიჯი და შევისწავლო ციფრული მხატვრობა, რომელიც styx School-მა და მასწავლებლებმა: მიშო დარჯანიამ და მარიამ ყეინაშვილმა შემაყვარეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.
-შენი პირველი ნამუშევარი…
-პირველი ნამუშევარი სვანეთში სოფელ მულახში შევქმენი. ცოტა შიშით, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესით. პირველად ბოლნური ჯვარი გავაკეთე. მახსოვს, დიდი ინტერესით და სიზუსტით ვაკეთებდი. ერთი სული მქონდა დამემთავრებინა და ის სიხარული, რაც მაშინ მქონდა სხვებისთვის გამეზიარებინა. ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარში ჩემი ხასიათი და ფიქრი ჩანდეს.
-მამაშენისგან, ბატონი თენგიზისგან რჩევებს თუ იღებ?
-მამაჩემის მაგალითით და გვერდში დგომით მივაღწიე ცხოვრების იმ საფეხურს, რომელზეც ახლა ვდგავარ. მამაჩემი არის ჩემთვის დიდი მეგობარი. დედა-ფატიმა კოზმავა ექთანია, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. მშობლებმა ჩვენთვის ყველაფერი გააკეთეს. მშობლები ხშირად მეკითხებიან, კიდევ რა დაგრჩა სასწავლი, ახლა რა უნდა ისწავლოო, რა არ გასვენებსო. როცა ჩემს მშობლებს ვუყურებ და ვხედავ, როგორ არ ჩერდებიან ერთ ადგილას, დაუღალავად აკეთებენ ყველაფერს და სწავლობენ. მე უბრალოდ, ის ლამპარი ვიქნები, რომელიც ჩაქრება და ჩემს თავთან მიჩნდება კითხვა, თუ რამ შეიძლება გამაჩეროს, როცა ამხელა ძალა მიმაქანებს წინ და მაძლევს მაგალითს. ერთი სიტყვით, მშობლები ჩემთვის დიდი მოტივატორები და სამაგალითო ადამიანები არიან.
-მოსწავლეების ყოლას აპირებ…
-ახლო მომავალში ვაპირებ მოსწავლეების ყოლას და მათთვის ჩემი ცოდნის გაზიარებას.
-სანდრო, ზუგდიდში თუ გეგმავ პერსონალურ გამოფენას?
-დიახ, ზუგდიდში აუცილებლად ჩამოვალ და ჩემს ხელთნაკეთობებს გავაცნობ ზუგდიდელებს, ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს მსგავს სფეროში მოღვაწეობას. ვუსურვებ წარმატებას, გააკეთონ მაქსიმუმი თავისი შესაძლებლობის. იკითხონ, იმუშაონ და მოიძიონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც მომავალში გამოადგებათ. არ დაიზარონ, ბევრჯერ გაიმეორონ ერთიდაიგივე. შეისისხორცონ ცოდნა, რომ ცხოვრების ახალ ეტაპს შეხვდნენ თამამად. იყვნენ გამბედავები, უბრალოდ დატკბნენ თავიანთი პროფესიით და არ იცხოვრონ ჩარჩოებით.
მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ