როდის ეშველებათ მგლების შემოსევებით შეწუხებულ დარჩელელებს


  • დარჩელელი მოსახლეობა წუხს, რომ ამ ბოლო დროს, სოფელში მომრავლდნენ მგლები, რომლებიც თავს ესხმიან მოსახლეობის საქონელს.

“ზუგდიდელებთან” საუბარში, დარჩელელებმა, გვითხრეს, რომ ორი დღის უკან დარჩელის, კუნოშის უბანში, მგელმა შეჭამა ძროხა, ხოლო წუხელ ერთ-ერთი მოსახლის ხბო. მსგავსი შემთხვევა დარჩელელებს ჰქონდათ შარშანაც. ისინი ამბობენ, რომ სოფლის კრილოვის უბანში, არის განსაკუთრებით მომრავლებულია მგლები. მართალია სოფელში ჰყავთ მონადირე, მაგრამ წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოაგვაროს ეს პრობლემა და ითხოვენ დახმარებას ხელისუფლებისგან.

ლეილა ხუფენია, პედაგოგი, დარჩელის მცხოვრები: “მშიერი მგლები შემოესია სოფელ დარჩელის ერთ-ერთ უბანს, რომელსაც “კუნოშს” ეძახიან. ეს უბანი მდინარე ჯუმის პირასაა გაშენებული, ჩაის ყოფილ ფილიალთან, რომელიც დაფარულია ეკალ- ბარდით. მგლებმა როცა ახლო-მახლო ძროხები ამოწყვიტეს, “სამოქმედო ტერიტორია” გააფართოვეს და კუნოშისკენ იბრუნეს პირი. ყოველ დილით ისმის სასოწარკვეთილი ხალხის ტირილი,-მგელმა ძროხა დამიგლიჯაო… ვაიმე, რა მეშველება რით ვარჩინო ოჯახიო. მგლებმა დაგლიჯეს ჩემი თანასოფლელების გოჩას, თემურის, ირაკლის, სოსოს, ჯაუზის და სხვების ძროხები. სოფელში გვყავს მონადირეები. ვისაც ევალებოდათ მგლებს გამკლავებოდნენ, მაგრამ ლიცენზია ამოეწურათ და არ გაუგრძელეს. სოფელში მძიმე მდგომარეობაა. პანდემიაც გვაწუხებს, ვითხოვთ ყურადღებას.”

“ზუგდიდელები” დაუკავშირდა დარჩელელ მონადირეს, ბუთხუზ ანასტასოვს. მისი თქმით, დარჩელის გარდა, მგლები მომრავლებულნი არიან: ქვემო დარჩელში, ერგეტაში, ორულში… “ღამე არ გავა საქონელი რომ არ შეგვიჭამოს მგელმა. თუ ვინმეს საქონელი გარეთ დარჩა, ჩათვალეთ, რომ არ ჰყავს. მოსახლეობას მგელი ბოსელში, შიგნით ეზოში უვარდება. ორი თვეა, რაც ასე გრძელდება. ადრეც, იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ მასიურად არა. ადრე, ლიცენზია გვქონდა და ჩვენი ძალებით ვუმკლავდებოდით პრობლემას, ახლა ლიცენზცია არ გვაქვს და ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში. ამასწინათ, ადამიანი გადაადგილდებოდა თხილნარში და ნალიაში დახვდა მგელი. ჩვენი მოთხოვნაა ლიცენზიები მოგვცენ და ჩვენს საქმეს ჩვენ თვითონ მივხედავთ”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავუკავშირდით ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს ზვიად ჯღარკავას: “ლიცენზია, რომ გავცეთ საჭიროა მთავრობის განკარგულება დელეგირებული უფლება-მოსილება. მერია მიმართავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სამინისტროსა და მერიას შორის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულება იგზავნება მთავრობის აპარატში და მთავრობის განკარგულებით ხდება ეს პროცესი, მაგრამ შარშან, პანდემიიდან გამომდინარე, დელეგირების უფლება ჩამოგვერთვა და მთავრობამ ყველა მუნიციპალიტეტს მისცა მხოლოდ ხუთი მგლისა და ათი ტურის ამოღების უფლება. ეს ბრძანებულება მოქმედებს 2021 წლის სექტემბრამდე. აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება ფიზიკურ პირ გურამ თირქიასთან და შ.პ.ს. მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ “მონადირესთან” გარემოდან მგლებისა და ტურის ამოღების შესახებ. როცა შემოდის ინფორმაცია მერიაში, ეს ჯგუფი გადის ადგილზე და ფაქტზე რეაგირებას ახდენს. გუშინ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნაწულუკუში ყოფილა მგელი და ჯგუფი გასული იყო. დღეს და ხვალ გავლენ დარჩელში, კიროვში, ანაკლიაში…”

ფოტო: ინტერნეტიდან


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!