- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური, მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და 2 ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში – სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან. აღნიშნულ ხანძრებზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.