რევაზ ოყუჯავა: ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება


  • ზუგდიდელების“ სტუმარია საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის თავმჯდომარე, ბატონი რევაზ (რინოზი ) ოყუჯავა.

 -ბატონო რევაზ, მოგვიყევით თქვენს შესახებ…

 -დავიბადე ქალაქ ზუგდიდში 1956 წელს, გავიზარდე გლეხის ოჯახში. 7 წელი ვსწავლობდი თბილისის უსინათლოთა სკოლაში, შემდეგ დავამთავრე ზუგდიდის საღამო სკოლა. ოჯახში არ მიჭირდა იმდენად, რომ უსინათლო ადამიანს მემუშავა. მშობლები სამკურნალოდ მატარებდნენ სხვადასხვა ქალაქში, ვმკურნალობდი მოსკოვში, მაგრამ უშედეგოდ. მუშაობა დავიწყე ზუგდიდის უსინათლოთა საზოგადოებაში ჯერ საამქროს უფროსად. მერე ადგილობრივი გამგეობის თავმჯდომარედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ, დირექტორად. ამ დროს აირია ქვეყანა.

სანამ დირექტორად, დავიწყებდი მუშაობას, ჩემმა უფროსმა თბილისიდან დამირეკა და დამაკვალიანა. მირჩია-შენ შეძლებ პროფესიის არჩევას და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებასო და კიდევაც დავამთავრე საქართველოს ტექნიკური შემოქმედების და პატენტმცოდნეობის ეკოლოგიური ფაკულტეტი. 1992 წელს, გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ თბილისიდან ჩამოვიდნენ უსინათლოთა საზოგადოების  თავმჯდომარე და მოადგილე გოგი ჭუმბურიძე და აბესალომ საჯაია. კი, მართალია, თქვენს მიწაზე არის აშენებული ჩვენი ოფისიო, მაგრამ უჩვენოდ ვერ გაათავისუფლებთო. მე ვიყავი ზვიადისტი და ეს იყო მიზეზი. გარკვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ გადავდექი თანამდებობიდან და გავემგზავრე  ქალაქ მოსკოვში სამუშაოდ. 1994 წლიდან 2001 წლამდე, ვიმუშავე სათბურების ბრიგადირად. მოგვიანებით, ჩემმა უფროსმა რევაზ მაისურაძემ ისევ დამაბრუნა ადრინდელ თანამდებობაზე, სადაც ვმუშაობ დღემდე.

დევნილთა მასიური გადმოსვლის დროს, ჩვენს ოფისშიც დევნილები შეასახლეს. 10 წელიწადი ჩვენი ორგანიზაციის საბუთებს ბულვარში ვამუშავებდით და ვწერდით, არ გვქონდა სამუშაო ფართი, ვწვალობდით. მოგვიანებით, ზუგდიდის მერმა ბატონმა გეგა შენგელიამ, გამოგვიყო საოფისო ოთახი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი საჯაროდ.

 -ბატონო რევაზ, თქვენ სენსიტიურ საქმეს ემსახურებით, დაახლოებით რამდენი ადამიანი არის გაერთიანებული თქვენს ორგანიზაციაში?

 -სამეგრელოს ორგანიზაციას დაემატა სვანეთი და დღეის მდგომარეობით, გვყავს 116 უსინათლო ადამიანი. 11 ივნისს, სწორედ ამ ადამიანებმა ისევ ამირჩიეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად 5 წლით.

 -როგორ ეხმარებით თქვენს ორგანიზაციაში გაერთიანებულ ბენეფიციარებს?

-თბილისიდან, ჩვენი სათაო ოფისიდან, გვიგზავნიან ფულად დახმარებას, რომელიც ნაწილდება 116 ბენეფიციარზე. ხშირად მივდივართ პირველი ჯგუფის ინვალიდებთან სახლში საჩუქრებით, თუმცა ეს არის ძალიან ცოტა და ამ კატეგორიის ხალხს მეტი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია უსინათლო ბენეფიციარების განათლებისთვის ზრუნვა. გვაქვს ბრაილის შრიფტით შესრულებული წიგნები.

-რადგან განათლებაზე ამახვილებთ ყურადღებას არის შესაძლებელი ჩვენს ქალაქში ბრაილის შრიფტით შესწავლა?

-ვისაც სწავლა უნდა, შეგვიძლია, მოვიწვიოთ ჩვენი წალენჯიხელი მეგობარი ინგა აბულაძე, რომელიც თავისუფლად კითხულობს ბრაილის შრიფტს და შევქმნით ჯგუფს.

-ოჯახზე მოგვიყევით…

-მყავს მეუღლე ელენე ბიბლაია, პროფესიით მედდა, დროებით უმუშევარი. გვყავს ხუთი შვილი: ანჟელა, ლელა, ია, ლიკა და თამუნა. გვყავს 6 შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი.

– ბატონო რევაზ, რამდენად ემოციური ხართ?  

 -კი ვარ ცოტა ემოციური, საკამათო თუ იქნა, ვერ ვთმობ-უნდა გავიმარჯვო.

 -თემა, რომელზეც საუბარი არ გწყინდებათ?

-ჩემს თანამშრომლებთან: მაკა ხარებავასთან და თამთა ჭანტურიასთან ერთად მიყვარს ჩემი უსინათლო, განსაკუთრებული საჭიროების მეგობრებზე და მათ მომავალზე ფიქრი და საუბარი.  

-თქვენზე ამბობენ, კარგი თამადა არისო.

 -ჩემი პირველი სადღეგრძელოა: ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, მფარველი იყოს უფალი.

 -ვიცი, კონკრეტული ადამიანების მიმართ გინდათ გამოთქვათ მადლიერება. „ზუგდიდელები“ გაძლევთ ამის შესაძლებლობას.

 -დიახ, ვემადლიერები მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ კონსტანტინე კაკავას, ჯანდაცვის სამსახურის უფროსს ქალბატონ ნინო სხულუხიას, სოციალური სამსახურის უფროსს, ბატონ გოგი რევიას, მერის ადმინისტრაციის უფროსს, ბატონ თენგიზ შანავას, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა წოწერიას და საკრებულოს წევრს ქალბატონ ირუზა კაკავას. ჩვენ განსხვავებული და განსაკუთრებული საჭიროების ხალხი ვართ და ყურადღებას ვითხოვთ არამარტო ერთი კონკრეტული ჯგუფისგან, არამედ საზოგადოებისგან. ჩვენ მათი თანადგომა და მხარდაჭერა გვჭირდება. მაქვს იმედი, ასეც იქნება.

 „ზუგდიდელები“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!