პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

უწყების ცნობით, დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი – საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის “კოკაინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი”. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის” შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინის” შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს და ნარკოტიკული საშუალება “4-CMC”-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი აბები – ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.