- პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. პროექტის ინიციატორები, პარტია “მოქალაქეების”ლიდერები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი არიან.
პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში, მეპატრონე ფიზიკური პირი 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
“მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.
კანონპროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან”, – ნათქვამია კანონპროექტში.