- “ზუგდიდელების” სტუმარია მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნათია (ნანა) ხუფაცარია, რომელიც იმავდროულად არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, სამეგრელო ზემო-სვანეთის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ტრენერი.
- თქვენს შესახებ
დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საშუალო სკოლა, შემდეგ თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ცოტა მოგვიანებით, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა, რის შედეგადაც მომენიჭა განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ასევე დამთავრებული მაქვს თ.ს.უ – ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით, ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია, თუმცა თავის დროზე, ამით ჩემი ჰუმანიტარული მიდრეკილებები დავიკმაყოფილე. ამჟამად ვარ, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მათემატიკის მასწავლებელი, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ტრენერი. ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, სამეგრელო ზემო-სვანეთის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე.
- დირექტორი
ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ უკვე 12 წელია, ამ თორმეტი წლის განმავლობაში, ჩემი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი, სწორედ, მეოთხე სკოლას ეკუთვნის, ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მეოთხე სკოლას უკავშირდება. სიტუაციურად ზოგჯერ მიწევს ვიყო მკაცრიც, თუმცა, მირჩევნია, ეს აღარ დამჭირდეს. დირექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ ძილშიც კი, ვფიქრობ, სკოლის საქმეებზე. მახსოვს, როცა შემომთავაზეს ამ სკოლის დირექტორობა, ერთი წუთით არ მიყოყმანია, არ შემშინებია, საოცარი ძალით ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აუცილებლად ეს საქმე კარგად გამომივიდოდა. ერთი საინტერესო და ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური ფაქტიც ახლდა ჩემს დანიშვნას, რაზეც არასდროს ხმამაღლა არ მისაუბრია, ვინაიდან, მგონია, ეს ძალიან პირადულია… მაგრამ ახლა მაქვს სურვილი, თქვენ გითხრათ,-ჩემი დირექტორად დანიშვნის თარიღი არის 7 დეკემბერი, ეკატერინობა, ჩემთვის ეს წმინდანი და ეს თარიღი განსაკუთრებულია, ვინაიდან წლების წინ, სწორედ ამ დღეს, წმიდა ეკატერინეს მონასტერში წავიდა დედაჩემი უფლის გზაზე და დღემდე ამ მონასტერში მოღვაწეობს. მაშინ ჩემი დანიშვნის ბრძანებას რომ დავხედე და ეს თარიღი დავინახე, კინაღამ სუნთქვა შემეკრა,-შემთხვევით არაფერი ხდება, დღემდე მჯერა, რომ სწორედ ჩემი დედების და მამაოს ლოცვით გავძლიერდი მაშინაც და შემდეგაც მათი ლოცვის შეწევნით ადვილად ვუმკლავდები ამ მართლაც უდიდეს პასუხისმგებლობას.
- სკოლის წარმატებები
სკოლის წარმატებები ერთი ადამიანის დამსახურება არასდროს არ არის. ჩვენ სკოლას ჰყავს ძალიან კარგი მასწავლებლები, პროფესიონალები, კეთილგანწყობილები, უყვართ მოსწავლეები. ჩვენ ერთად შევძელით, რომ დღეს ჩვენს მოსწავლეებს უყვართ სკოლა, ჩართულები არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. სკოლაში ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება, გვყავს ძალიან აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ იღებენ ისინი პასუხისმგებლობას სკოლის განვითარებაზე, ნამდვილი ლიდერები არიან. მიხარია, როცა გაკვეთილების დამთავრების შემდეგაც არ უნდათ სკოლიდან წასვლა. ადრე, მქონდა არდადეგებზე ძალიან დიდი მოწყენილობა, ბავშვების გარეშე სკოლა ძალიან მოსაწყენი ადგილია, თუმცა, ახლა, არდადეგებზეც კი, არ გვტოვებენ მარტო, მოდიან, ზრუნავენ ცოცხალ კუთხეზე, რომელიც სკოლაში გვაქვს, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი წარმატება. დანარჩენი მხოლოდ სტატისტიკაა.
- ტრენერი
ტრენერობამ ჩემი პედაგოგიური ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა. ეს თავგადასავალი 2000 წელს დაიწყო პროგრამით “წერა, კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის“. მაშინ ეს პირველი ნაბიჯები იყო რეფორმის საგანმანათლებლო სისტემაში. შემდეგ იყო ბევრი ძალიან საინტერესო პროექტი, რამაც გარდა იმისა, რომ პროფესიულად გამზარდა, მომცა შესაძლებლობა, ურთიერთობა მქონოდა ბევრ საინტერესო კოლეგასთან, შემძინა უძვირფასესი მეგობრები. ყველაფერთან ერთად, ეს ურთიერთობები, ჩემთვის, ძალიან ძვირფასია…
- თაობა
ძალიან საინტერესო ახალი თაობა გვყავს, აქვთ ძალიან ბევრი კარგი სამოქალაქო ღირებულება, უფრო მეტად კანონმორჩილები არიან ვიდრე ჩვენი თაობა, მეტად პრაქტიკულები, მიუკერძოებლები და სამართლიანები. რა თქმა უნდა, ამ თაობასაც აქვს თავისი გამოწვევები. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ემოციის ნაკლებობა აქვთ, რაც ალბათ გამოწვეულია ტექნოლოგიების სიჭარბით მათ ცხოვრებაში, ცოტა გაუჭირდათ ერთმანეთისგან გამიჯნონ უფლებები და მოვალეობები, ყველაფერი ეს ჩვენი ბრალიც არის, ან იმის ბრალია, რომ ნებისმიერი სიახლე თავისი განვითარების გზაზე აუცილებლად პიკს აღწევს, შემდეგ იწყება ხელახალი გადაფასება, გააზრება, რასაც მივყავართ სტაბილურობამდე. დარწმუნებული ვარ, ეს თაობა ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალია.
- 21 -ე საუკუნის სკოლა და რაზე უნდა იყოს მიმართული სკოლის ხელმძღვანელის საქმიანობა?
XXI საუკუნეს ბევრი საინტერესო გამოწვევა აქვს, არ არის ადვილი სკოლამ უპასუხოს ამ გამოწვევებს, არ არის ადვილი ტექნოლოგიების ეპოქაში გაზარდო კონკურენტუნარიანი მოსწავლე ისე, რომ ამის პარალელურად ჰქონდეს მთავარი ადამიანური ღირებულებები. მოძებნო ოქროს შუალედი, ძალიან დიდ ძალისხმევას და ცოდნას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორი საგანმანათლებლო ლიდერი იყოს, ლიდერი, რომელიც იზრუნებს სწორედ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, რომელიც აიყოლიებს გუნდს, სასკოლო საზოგადოებას და ცოდნასთან ერთად მისცემს მოსწავლეებს პირად ცოცხალ მაგალითებს – სიკეთეს, სიყვარულს, დიდსულოვნებას, ქველმოქმედებას, პროფესიონალიზმს და პატრიოტიზმს.
- თქვენი მუშაობის მთავარი პრინციპები რას ეფუძნება?
არასდროს არ გავჯიბრებივართ სხვას, არასდროს მიზნად არ დაგვისახავს ვიღაცაზე უკეთესები ვყოფილიყავით და ამით გვეამაყა. ჩვენ, ყოველთვის, ვცდილობდით, გავჯიბრებოდით საკუთარ თავს, ვყოფილიყავით უკეთესები იმაზე, ვიდრე ვართ. ამან გაამართლა, ამის შედეგად სიმშვიდე არასდროს დაგვიკარგავს და წარმატებაც თითქოს გზა და გზა, თავისით მოვიდა.
- პოლიტიკა
პოლიტიკა ჩემთვის ძალიან ახალი, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. მიხარია, რომ ვარ ჩემი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. ეს დიდი პასუხიმგებლობაა. ამ გზას აიოლებს ის გუნდი, ვის გვერდითაც ვარ, ჩვენს ფრაქციას ზუგდიდის საკრებულოში წარმოადგენენ განათლებული, პროფესიონალი, ერთგული, პატრიოტი და კიდევ მრავალი ღირებულების მქონე ადამიანები. მე მადლობას ვუხდი მათ, რომ მეხმარებიან ამ გზაზე და საკუთარი მაგალითით მაძლიერებენ. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პოლიტიკა აუცილებლად ბინძური საქმეა,- ვფიქრობ, შესაძლებელია სხვაგვარადაც.
- ოჯახი
მეუღლე გიორგი კვარაცხელია სოხუმელია. 21 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში იბრძოდა. ომის ვეტერანია. გვყავს ორი შვილი და საყვარელი შეძენილი შვილი, ანუ რძალი. ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზეთში დაბრუნებაა. ჩემი შვილებიც ამ სულისკვეთებით გაიზარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვართ მათი დედულეთი ქალაქი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. მათთვის სოხუმი მაინც საოცნებო ქალაქია, იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება აუხდებათ და მეც მათთან ერთად ჩემი ქალაქის გარდა, კიდევ თუ სადმე სიამოვნებით ვიცხოვრებ, სწორედ ჩემი მეუღლის და შვილების მშობლიური ქალაქია. ნიკოლოზი და ანა ორივე წერს ლექსებს, მათ სალომეც დაემატა და ოჯახში ძალიან შემოქმედებითი გარემო გვაქვს, მე არ ვიცნობ მათ ნაშრომებს, შემთხვევით თუ სადმე გადავაწყდები… როგორც ჩანს, არ არიან ჯერ მზად, მათ “მთავარ კრიტიკოსს ” გაუზიარონ საკუთარი შემოქმედება.
მინდა მშობლებზეც გესაუბროთ. მამა ძალიან ახალგაზრდა გარდამეცვალა, მაშინ მეგონა, რომ დიდი იყო. ის ჩემს მეხსიერებაში დარჩა მარად ახალგაზრდა, მხიარულ, ხელგაშლილ, ძალიან სიმპატიურ, თბილ მოგონებად. რაც შეეხება დედას, ის გაცილებით უკეთესი დედაა, ვიდრე მე ვარ. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მან მნიშნელოვანწილად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. ხშირად ვამბობ, რაც გამაჩნია მატერიალური, თუ არამატერიალური, სწორედ მისი დამსახურებაა. ვერ ვახერხებ კარგ შვილობას, რაც ძალიან მაწუხებს. იმედი მაქვს, ისევ მისი ლოცვით შევძლებ უკეთესი შვილი ვიყო.
როცა ოჯახზე ვსაუბრობ, არ შემიძლია მადლიერებით ჩემი მეუღლის მშობლები არ ვახსენო,- მათ, მიუხედავად დევნილობისა, მოიკრიბეს ძალა და ყველაფერი გააკეთეს შვილების საკეთილდღეოდ. ჩემს შვილებს ძალიან ლამაზი ბავშვობა აჩუქეს, სიყვარულით და სიკეთით გამთბარი ბავშვობა, ასეთი სიყვარულის შემდეგ, ძალიან ძნელი იყო მათთვის ბაბუასთან განშორება, ადამიანთან, რომელმაც მათთვის ბაბუის უსაყვარლესი და უკვდავი პერსონაჟი შექმნა.
- თავისუფალი დრო
თავისუფალი დროს, ასეთის არსებობის შეთხვევაში, ყველაზე სასიამოვნო სწორედ მეგობრებთან ერთად ყოფნაა. ადამიანებთან ერთად, რომლებიც მამშვიდებენ, მამხნევებენ, მაძლიერებენ. დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, მირჩევნია, თავისუფალ დროს, პასიური დასვენების აქტივობებს მივმართო, დავისვენო და სხვა არაფერი, ვფიქრობ, განტვირთვა აუცილებელია.
საუბარი ჩაიწერა ეკატერინე ფარულავამ