მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო ახალ მისამართზეა


ზუგდიდის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილო, რომელიც წლების განმავლობაში, მდებარეობდა წერეთლის ქუჩაზე, ამჟამად, ახალ მისამართზე აღმაშენებლის #10-ში გადავიდა.

სასადილო ახალ მისამართზე მაისის თვეში გადმოსულა, მაგრამ შენობას ჯერ კიდევ არ აქვს მინიშნება-„აბრა“, უცხო პირი მას საჭმლების სუნით თუ მიაგნებს. სასადილოს ხელმძღვანელმა, ინდმეწარმე თემურ ქვარცხავამ „ზუგდიდელებს“ განუმარტა გადმოსვლის მიზეზი. მისი თქმით, მერიას მიმართა განცხადებით: „ძველი ფართი მოწესრიგებული არ იყო. გვქონდა კანალიზაციის პრობლემა. ძველ ფართზე ვიხდიდით 800 ლარს, აქ 500 ლარს ვიხდით. ფართის მფლობელი გახლავთ დათო ესებუა. როგორც ხედავთ, ფართი საკმაოდ დიდი და მოწესრიგებულია.“

ამჟამად, უფასო სასადილოში 247 ბენეფიციარი ირიცხება. სასადილო 11.00-საათიდან 14.00- საათამდე მუშაობს. ყოველდღე, ადგილზე დაახლოებით 10-15 ადამიანი სადილობს, დანარჩენს სადილი სახლში მიაქვს, „ზუგდიდელები“ მაშინ ესტუმრა სასადილოს, როცა ბენეფიციარებს მათთვის გამზადებული ულუფა სახლში მიჰქონდათ. აქ არიან ბენეფიციარები, რომლებიც ქალაქის ტერიტორიიდან, ასევე გარეუბნებიდან დადიან. ფართის შეცვლამ ზოგიერთ ბენეფიციარს პრობლემები შეუქმნა. ისინი კამერებთან არ საუბობენ, მაგრამ პირად საუბარში ამხელენ, რომ მანძილი სახლიდან სასადილომდე გაუგრძელდათ.

მერი ჯიქია, ექვსი წელია, უფასო სასადილოს ბენეფიციარია. ის ყოველდღე, კოსტავას ქუჩიდან დადის. „სახლიდან სასადილომდე მანძილი შორია, მაგრამ რა ვქნათ. გზის ფული გვინაზღაურდება. თვეში 25 ლარი, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი თანხა არ არის. არ გვყოფნის. ფეხით ვერ დავდივარ. სახსრები მტკივა. ოჯახში ორი ავადმყოფი მყავს. მატერიალურად ძალიან მიჭირს. რაც შეეხება სასადილს, ყველაფერს გემრიელად და ნაყოფიერად ამზადებენ.”IMG_7038

ოთხი წელიწადია სასადილოს ბენეფიციარია ქალბატონი ნატო ბულია. მისი თქმით, ადგილზე იშვიათად სადილობს, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნის დროს, მეგობრებთან ერთად მიირთმევდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. „მომსახურეობით კმაყოფილი ვარ. გვაქვს თევზეული, ხორცეული, ბოსტნეულის სუპი, ფაფები სხვადასხვა სახეობის.“

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის განხელა, გვითხრა, რომ ყოველდღიურად საჯვაროდან დადის, ორი ლარი ეხარჯება გზისთვის და თანხა არ ჰყოფნის. „ტრანსპორტისთვის გამოყოფილი 25 ლარი არ გვყოფნის. არ შემიძლია ასე სიარული, ინვალიდი ქალი ვარ.“

ავთანდილ გულუა სამი წელია უფასო სასადილოს ბენეფიციარია. ის ყოველდღე კომბინატიდან დადის. ადგილზე მიირთმევს სადილს.  „აქ მარშუტკით, ან ავტობუსით დავდივარ ყოველდღე. ვიხდი ხან 40 თეთრს ხან 50 თეთრს. ჩემთვის ხელსაყრელია ეს ადგილი. პირველი ნომერი წრიულს აკეთებს და ადგილზე ჩამოვდივარ.“

„დაახლოებით სამი წელია, უფასო სასადილოში,  დავდივარ. ფაიფურის გადასახვევთან ვცხოვრობ.  ხან ადგილზე მივირთმევ სადილს, ხან სახლში მიმაქვს. ჩემთვის ეს ადგილი მოსახერებელია. დილით ათ ნომერ მარშუტკას გამოვყვები და აქვე დამსვამს. აქ ძალიან მიხარია მოსვლა, ყველაფერი გემრიელია.“-უთხრა „ზუგდიელებს“ 82 წლის გივი როგავამ.

ბატონმა თემურ ქვარცხავამ გვითხრა, რომ მენიუში ცვლილება არ არის, რომ ერთი ადამიანის დაპურება 1.38 თეთრი ჯდება, რომ ყოველდღე  მოდიან მერიიდან მონიტოინგზე. „12 საათზე მოდიან და პირველ საათამდე აქ არიან მერიის წარმოამდგენელები“.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!