- დღეს, დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლებმა, კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას ხელფასების გაზრდის შესახებ.
თანამშრომლები მუზეუმის ეზოში ისევ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მთავრობას ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიფიცებიან.
“პრემიერ-მინისტრს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორს, გადაეგზავნა ასლები, სადაც წერია, ჩვენ თუ პირველ ნოემბრამდე ვერ მივიღებთ ოფიციალურ პასუხს, თუ რა ხდება საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად მივმართავთ გაფიცვას. ჩვენი თვითმიზანი არ არის გაფიცვა, იმიტომ, რომ ვიცით ეს რასაც ნიშნავს”. განაცხადა ექსკურსმძღოლმა და ფილოლოგიის დოქტორმა ნანა აბულაძემ.
ექსკურსმძღოლმა ელზა ზოდელვამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ისინი ითხოვენ ელემენტარულ ყურადღებას, რომელიც დაკავშირებულია მათ ხელფასებთან. “პირველ ნოემბერს მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის დაიკეტება, არც ერთი დამთვალიერებელი არ შემოვა, ამით ჩვენ გავაგებინებთ, რომ ვარსებობთ და ჩვენც გვინდა არსებობა, ნორმალური ხელფასის მიღება. მოთხოვნებს ჩვენ განცხადების ფორმა მივეცით, რომელსაც ხელს 34 თანამშრომელი აწერს. სულ მუზეუმში 38 თანამშრომელი მუშაობს, დანარჩენები შვებულებაშია”.
თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმირებულია და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ჯერჯერობით არაფერი ხდება. შეიძლება კომუნიკაცია, მე, ყოველდღე მქონდეს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან მუზეუმთან მიმართებაში. ისინი ფინანსების შესახებ არაფერს მეუბნებიან. როცა მოდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატები, რამდენჯერმე მე მათთვის მითქვამს, საკითხთან დაკავშირებით. თვითონ თანამშრომლებმაც იციან, მე როგორ ვწუხდი ამ თემაზე. თქვენ რა გგონიათ, მეც არ მინდა ხელფასის მომატება? იმათ თუ მოემატებათ ხელფასი, მეც ხომ მომემატება. მთავრობამ იცის, ჩვენთან რა პატარა ხელფასებია. ბოლოს, ჩვენთან იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი მერაბ ქვარაია, მაშინაც ამ თემაზე გვქონდა საუბარი. თვითონაც წუხდა. გამოვიდა პარლამენტში და თქვა, მე მრცხვენია და თვალებში ვერ ვუყურებო მუზეუმის თანამშრომლებსო, ასეთი პატარა ხელფასისთვისო. ყველა დაუწყებულია, ყველამ ყველაფერი იცის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული…” “…დღესაც ამბობდნენ, თანამშრომლები გავიფიცებითო, რა ვქნა, თუ გაიფიცებიან, გაიფიცებიან. მიხედავს მთავრობა, ესე არ შეიძლება. რაღაცა გამოსავალი, ალტერნატივა უნდა იყოს. მთავრობაც გონივრულად მოიქცევა, დააკმაყოფილებს თავიანთი სარგოს მიხედვით. მე თვითონ გაურკვეველ და გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი”.