- დადიანების მუზეუმის მემორიალურ გამოფენაში წარმოდგენილია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (1816–1882) და მისი ქალიშვილის, პრინცესა სალომე დადიანი-მიურატის (1848–1913) პირადი ნესესერები.
ეს ელეგანტური ნივთები წარმოადგენენ არა მხოლოდ მატერიალური კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს, არამედ გვიყვებიან ისტორიას XIX საუკუნის ქართული არისტოკრატიის ყოფის, ესთეტიკური ღირებულებებისა და მათი სოციო-კულტურული კავშირების შესახებ.
ნივთების ფრანგული წარმოშობა და მდიდრული შესრულება მიანიშნებს დადიანების სამთავროსა და ევროპულ კულტურას შორის არსებულ კავშირებზე.
“ჩემოდანი/ნესესერი პირადი ჰიგიენის ნივთებისთვის დადიანების კოლექციიდან. დამზადებულია მე-19 საუკუნეში, საფრანგეთში. ტყავით გადაკრული, აბრეშუმის სარჩულით, შიგნით დანაყოფებით, ცენტრში ფერადი ლითონით გამოსახულია მონოგრამა “ეკატერინე”.
ჩემოდანში მოთავსებული იყო ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის პირადი ჰიგიენის ნივთები, კერძოდ: რამდენიმე ჯაგრისი, სარკე და თმის დასახვევი. ეს ნივთები დამზადებულია სპილოს ძვლისგან და ყველაზე გამოსახულია ეკატერინეს მონოგრამა. გარდა ამისა, აქვე წარმოდგენილია სალომე დადიანი-მიურატის პირადი ჰიგიენის ნივთები (ჯაგრისები, თმის დასახვევი, დანა) მონოგრამით “სალომე”.
აღნიშნული ნივთების ჩემოდანი/ნესესერი სალომეს მონოგრამით დაცულია სასახლის ფონდსაცავში. დარბაზში ასევე ექსპონირებულია სალომე დადიანის პირადი ჩემოდანი, ოქროსფერი ლითონით გაწყობილი, ტყავგადაკრული, ოთხივე კუთხეში სალომეს მონოგრამითა და ცენტრში სამთავრო გვირგვინით. აღნიშნულ ექსპონატებს ჩაუტარდათ რესტავრაცია საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის რესტავრატორთა გუნდის მიერ 2023-2024 წლებში.”
ლალი ჭითანავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მუზეუმის ყოფა-ეთნოგრაფიის ფონდის მცველი