“ზუგდიდობის” დღესასწაული, რომელიც შარშან, დაფუძნდა და გაიმართა 10 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, წელს არ გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებთან” ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საუბრობს.
” ყოველთვის, როცა რაღაცას ვიწყებთ, ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული ინიციატივა. მე ვიცი, რომ საერთო სურვილი იყო ჩაგვეყარა საფუძველი ასეთი ღონისძიებისთვის, რომელიც იქნებოდა რაღაცა ერთობის განსაკუთრებული დღე, სადაც იქნებოდა ქველმოქმედება, გასაჭირში ადამიანების მოკითხვა, სხვადასხვა პროფესიის მშრომელი ადამიანების, ასევე ქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების მოკითხვა, მათი წახალისება, დაჯილდოება. ასევე, ზუგდიდში არსებული მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი კოლექტივების ნიჭიერებისა და შრომის შედეგის გამოვლენა. ასეთი ღონისძიება შესაძლებელია გაკეთდეს მინიმალური თანხებით და მოხმარდეს სიკეთეს, ქველმოქმედებას, ერთმანეთის მოკითხვას, დაფასებას და ერთობის განცდას. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, უმჯობესია, ვინაიდან ჩაეყარა საფუძველი ამ ღონისძიებას, არ დავკარგოთ და მოხერხდეს მისი ჩატარება ყოველწლიურად. სასურველია, ყოველ შემთხვევაში, არ შევწყვიტოთ და ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავხადოთ ეს ღონისძიება უფრო ეფექტური და კარგი ქალაქისთვის, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. კითხვაზე მოხდება თუ არა „საპატიო ზუგდიდელების“ დაჯილდოება. მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ „დაზუსტებით პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ალბათ მიზანშეწონილია, რომ შენარჩუნდეს ეს ტრადიცია და ყოველწლიურად მოხდეს ქალაქის საპატიო და მოქალაქეების გამოვლენა, ღვაწლმოსილი ადამიანების წახალისება, შესაბამისი სიგელებით და ჯილდოებით.“