- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.
“საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.
ყველა ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.