მაია ღუბელაძე: “დრომ და გარემოებებმა მასწავლა, რომ ცხოვრება წარმატებებისგან და გამოწვევებისგან შედგება”


“ზუგდიდელების” სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი მაია ღუბელაძე. – დიახ, საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა.

და არა მარტო ჩემთვის– ვფიქრობ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ბრწყინვალე შესაძლებლობებს სთავაზობს ადგილზე რეგიონის უფროსკლასელებს, პედაგოგებს, სწავლის მსურველ ადამიანებს ტრენინგების სახით. ჩვენი მთავარი მიზანი განათლების მეტი ხელმისაწვდომობაა რეგიონებში. ჩვენი წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები ადგილზე ატარებენ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს. გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის სკოლებში უფროსკლასელებთან, სადაც ჩვენს სერვისებს ვაცნობთ, ვაწვდით ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ. ახალგაზრდულ ინიციატივებს ვუჭერთ მხარს, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელთა სტაჟირების პროგრამაა. მალე გამოვაცხადებთ კონკურსს ამ პროექტის ფარგლებში მარკეტინგითა და მედია მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის. ხარისხიანი განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია და მიხარია, რომ ამ მიმართულებით მათი მხარდაჭერა და გაძლიერება შემიძლია.

-თქვენს ბიოგრაფიაში სერიოზული ადგილი უჭირავს ჟურნალისტურ და PR საქმიანობას.  მინდა გკითხოთ – როგორია რესპონდენტის ამპლუაში ყოფნა?
– ესეც არანაკლებ საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უსაყვარლესი სტუდენტის, ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი ჟურნალისტის, შენი რესპონდენტი ვარ.
–  თავის დროზე ჟურნალისტიკა რატომ აირჩიეთ?
– მართალი გითხრა, არც კი მახსოვს თავი ამ სფეროს გარეშე. მომწონს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. მომწონს, რომ თანადროულობის ერთგვარი მემატიანე ხარ. დროს იმახსოვრებ და ადამიანებს. ბევრი მიზეზის გამო მომწონს ეს სფერო. განსაკუთრებით კი – დოკუმენტალისტიკა.
– პირველი რესპონდენტი გახსოვთ?
– ქუჩის გამოკითხვა იყო, გამიჭირდება გახსენება.
– წლების მანძილზე სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდით, ცხელ წერტილებში გიმუშავიათ…
– დიახ, სტუდენტობის პარალელურად ვმუშაობდი. ჩემ ქალაქში, ერთ-ერთ პირველ რეგიონულ ტელევიზიასთან ერთად დაიწყო პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. მანამდე კი ადგილობრივ გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი სტატიები. მდიდარი ვიდეოარქივი მაქვს. მათ გაციფრულებაზე ვფიქრობ. “იმედში” რეგიონული კორესპონდენტობის დროს, ცხელ წერტილებში მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, თუმცა რეპორტიორულ ჟურნალისტიკაზე მეტად ყოველთვის ანალიტიკური მიზიდავდა. ვამაყობ, რომ პირველი რეგიონული რადიოს დამფუძნებლებს შორის ვარ. მახსოვს, როგორ უყვარდა მსმენელს ,”ევრაზია” – 90-იანი ურთულესი წლების, ერთგვარი ნათელი. შემდეგ იყო სტუდია ,”კადრი”, ჩემ სტუდენტებთან ერთად სტუდენტური გაზეთის გამოცემა, სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმები. გაეროს განვითარების პროგრამაში მედიაპროექტები. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს…
– ჟურნალისტიკის პარალელურად არასამთავრობო სექტორშიც მუშაობდით და ბოლო წლებში თვითმმართველობაში პიარს ხელმძღვანელობდით…
– არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ტრენერის ამპლუა ძალიან მომწონს. ეს ჩემი კომფორტის ზონაა. დღემდე დამოუკიდებელი მედია ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, სადაც მედია მიმართულების ძალიან საინტერესო პროექტები ხორციელდება. სამი წელი თვითმმართველი ქალაქის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად ვიმუშავე.
– თვლით, რომ ძლიერი ქალი ხართ?
– დიახ, თუმცა სისუსტეებიც მაქვს.
– რას ვერ პატიობთ ადამიანს?
– უპასუხისმგებლობას, ტყუილს, სიხარბეს და არაკომპეტენტურობას.
-ალბათ არის რაღაც, რაზეც გული გწყდებათ.
– სამწუხაროდ ადამიანები ვართ, ყველაფერს ვერ გათვლი. გული გვწყდება არგამოყენებული შესაძლებლობების გამო, ბევრი რამის გამო.
– ოპტიმისტი ხართ?
– გამოუსწორებელი! შეიძლება სხვაგვარად იყოს, როცა ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა, იყო უკეთესი, შექმნა, შეცვალო?! როცა დედამიწაზე და შენ გვერდით გყავს ადამიანები, რომელთათვის მნიშვნელოვანი ხარ, გყავს შვილები, რომლებიც გაძლიერებენ, სხვაგვარად დაუშვებელია! დრომ და გარემოებებმა მასწავლა, რომ ცხოვრება წარმატებებისაგან და გამოწვევებისგან შედგება.
– რთულია სამსახურის და ოჯახის შეთავსება?
– ძალიან რთულია, თუმცა, როცა აქტიური ცხოვრების წესს ირჩევ, აცნობიერებ, რომ ეს ადვილი არ იქნება.
-თავისუფალი დრო თუ გაქვთ?
– იშვიათად. ასეთ დროს, ძირითადად წიგნებს ,”ვალაგებ”, ან ვწერ, ან ვხატავ. ბაღი, ზოგადად მცენარეები ჩემი სისუსტეა. “არაფრის” კეთებაც მომწონს. აი, ამ დროს განსაკუთრებით დაკავებული ვარ.
-თქვენი გულშემატკივარი…
– გამიმართლა, მართლა უამრავი ადამიანი მყავს ასეთი. თუმცა, უპირველესად, მაინც ლიზი და გიგი, ჩემი შვილები არიან ჩემი გულშემატკივრები. არ მახსოვს დღე, ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. მეგობრების თანადგომის გარეშე. სხვანაირად ძალიან გამიჭირდებოდა.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მრავალმხრივი. ნაწილი შვილების მომავალს, მათ განათლებას უკავშირდება. ვოცნებობ ჩემი “ოცნების სახლის” სწრაფად დასრულებაზე, რომელიც ჩემი მეგობრების, საყვარელი ადამიანების თავშეყრის ადგილი იქნება. პროფესიული ზრდის მიმათულებითაც მაქვს გარკვეული გეგმები. მოკლედ, აქტიური ცხოვრების წესის ერთგული ვრჩები.

წარმატებებს გისურვებთ.

ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!