ლუნა ლატარია- ნარაზენელების “გაჭირვების ტალკვესი”


  • ქალბატონი ლუნა ლატარია, ძირძველი ნარაზენელია და სოფლის ამბულატორიული ცენტრის მედდა, რომელსაც თანასოფლელები  “გაჭირვების ტალკვესს” ეძახიან. 

ნარაზენის ამბულატორიულ ცენტრში, ჩემი მასპინძელები, თეარაპევტი გოდერძი თოდუა და მედდა ნატო გრიგოლაია  არიან. სწორედ მათ გამაცნეს სოფლის ამბოლატორიის მედდა ლუნა ლატარია.

ლუნა ლატარია: “- ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკები გავიარე თბილისში და მუშაობა დავიწყე ხობის რაიონის სოფელ ახალხიბულის საუბნო საავადმყოფოში, შემდეგ, ქალაქ ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკაში ვიმუშავე ოცი წელი. 2015 წლიდან კი, ვარ სოფელ ნარაზენის საექიმო ამბულატორიაში მედდა. თავიდანვე მინდოდა, ვყოფილვიყავი ექიმი, მაგრამ, არ მოხდა ასე. მიმაჩნია, რომ მედდის პროფესიაც არანაკლებ საპასუხისმგებლოა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ნარაზენელები. დიდიან-პატარიანად, ყველას, ვევლები თავს. ნებისმიერ დროს, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს თანასოფლელებს. ჩემთვის არ არსებობს დღე და ღამე. ალბათ ამიტომ მაფასებს სოფელი და სოფლის ხალხი. თეთრ ხალათს ვერასდროს შეველევი მგონია. რომ იცოდეთ, მე, ჩემს სოფელში, ჩემს უბანში, მედდად კი არ მომიხსენიებენ, “ლუნა ექიმს” მეძახიან. მე, ყოველთვის, ვიქნები, მათი ერთგული მედდა და მეგობარი. ჩემი დიდი წარმატება პედიატრ ბატონ ჭაბუკა ზარანდიას დამსახურებაა. ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმეები გაგვიკეთებია”.

-ტრადიცია, რომელსაც პატივს სცემთ?

-ყველაფერი ქართული ჩემთვის პატივსაცემია. განუმეორებელი ტრადიციები გვაქვს. თავს შევიკავებ, რომელიმე ცალკე გამოვყო..

-თემა, რომელზეც საუბარი გიყვართ?

-სულ მედიცინაზე ვსაუბრობ და ვკითხულობ. მედიცინის სიახლეებს მივადევნებ თვალ-ყურს, რომ ჩემი თანასოფლელები, შეძლებისდაგვარად, მეც ჩავაყენო საქმის კურსში.

-ქალბატონო ლუნა, არსებობს სტერეოტიპი, რომ ლამაზ ქალს სიყვარულში არ უმართლებს. თქვენზე ამბობენ, წუნია იყოო…

-დღემდე ვარ წუნია და ამიტომ ვარ მარტო (იცინის). ალბათ, ეს ყოფილა ჩემი ბედისწერა.

– როგორ ფიქრობთ, ქალის ბედნიერებისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

-რა თქმა უნდა, დედობა, რომელიც მე არ მერგო. ალბათ, ესეც ბედისწერაა. მე მყავს დისშვილები, ძმისშვილები და ყველას ვევლები თავს, როგორც საკუთარი დედა. ისინიც მაფასებენ და ვუყვარვართ.

-როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

-დრო, თითქმის, არ მრჩება ჩემთვის. სულ მირეკავენ, “გადარბენებზე” ვარ. სულ ავადმყოფებს ვემსახურები. იმის მოლოდინში ვარ, ვის მომიყვანენ სახლში, ან ვისთან მექნება მისასვლელი. ჩემი დიდი სურვილია, ყველა ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდოს.

-ქალბატონო ლუნა, თქვენ სხვადასხვა ადგილას გიმუშავიათ, თქვენი პროფესიით, წლების განმავლობაში…  ახლა რატომ აირჩიეთ თქვენი სოფელი?

-ჩემს სოფელში დავბრუნდი იმიტომ, რომ მყავდა მოხუცი დედა და მინდოდა ბოლომდე მოვფერებოდი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე თავს ვევლებოდი. დედა გარდამეცვალა, მაგრამ მე ჩემს ნარაზენს, თანასოფლელებს, ჩემს პაციენტებს არასდროს არ მივატოვებ და არ მოვაკლებ მზრუნველობას. ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები ჩემს სოფელს, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად…

-ადამიანის თვისებაში რას აფასებთ?

– ერთგულებას, სიკეთეს და უღალატობას… და  ზუგდიდელებსაც ვუსურვებ ერთმანეთის გვერდით დგომას, ერთმანეთის სიყვარულს და სწორედ მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო ჩემს ნარაზენელებსაც, ზუგდიდელებსაც და სრულიად საქართველოს.

როზა როგავა

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!