ლუკა მებონიას, სიმღერისთვის გაციმბირებული ბაბუის ნიჭი გამოჰყვა


  • ლუკა მებონია რუხის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა და იმავდროულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის სტუდია “რეტროს” სოლისტი და დრამატული სტუდია “შთამომავლების” ნორჩი მსახიობია. ახალბედა შემოქმედი 7 გრანპრის მფლობელია. ლუკა, გაზაფხულზე, მიწვეულია პარიზის ფესტივალზე, რომელიც იმართება პროექტის “ქართული დღეები საფრანგეთის” ფარგლებში ქალაქ ლევილში.

ლუკა მებონია: “არ მიყვარს საკუთარი თავი ქება, არ ვარ ბაქია. ვარ შრომისმოყვარე. ვიცი, კარგი მეგობრობა. არ ვიცი, რას ნიშნავს წყენა, რადგან ვარ შემნდობი. ჩემი ჰობი არის წიგნების კითხვა, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა”.
– …და სცენა, არა?
– დიახ, 5 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია. სცენაზე გასვლამდე ვნერვიულობ, მაგრამ როდესაც ვმღერი, დისკომფორტი სრულად მეხსნება. მით უფრო, თუ ვგრძნობ, რომ ჩემი სიმღერა მაყურებელს სიამოვნებს, მაშინ მეც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამით.
11 წელია სიმღერას ვსწავლობ. ბაღიდან მოყოლებული ვმღერი. 5 წლიდან, პროფესიონალი მასწავლებელის ნანა ნოდიას სტუდიაში ვარ. როცა ვმღერი, ვარ ლაღი და ბედნიერი. საქმე, რომელსაც ადამიანი აკეთებს, აუცილებლად უნდა სიამოვნებდეს მას. მეც სიმღერისას, სხვა პლანეტაზე გადავდივარ, ჩემეულ სამყაროში. სიმღერა სისხლში მაქვს გამჯდარი. ჩემი დიდი ბაბუა, ლოტბარი ესტატე მებონია, გუნდის ხელმძღვანელი და ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი იყო გაგიდაში. როგორც მითხრეს, ამისთვის, ციმბირშიც გადაასახლეს,– ქვეყანას უჭირს და ესტატეს რა აამღერებსო. ციმბირში გადაყვანისას, მატარებელში, სახელდახელოდ, შეუქმნია გუნდი და სულ სიმღერ–სიმღერით ჩასულან ციმბირში. ასე, რომ მე, სიმღერისთვის გადასახლებული ბაბუის ნიჭი გამომყვა.

ფოტოს ცენტრში, სიმღერისთვის გაციმბირებული ლოტბარი, ესტატე მებონია,-ლუკა მებონიას დიდი ბაბუა

– სხვადასხვა კონკურსში და ფესტივალში ღებულობ მონაწილეობას…
– დიახ. პირველად, როდესაც საქართველოს საზღვრებს გავცდი, 9 წლის ვიყავი. სიმღერის კონკურსზე მივდიოდი ალანიაში (თურქეთი). ასევე, სხვადასხვა დროს, მიწვეული ვიყავი ბულგარეთში ქალაქ ვარნაში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, აზერბაიჯანში დედაქალაქ ბაქოში, სადაც ვასახელე ჩემი ქალაქი და ზუგდიდს დავუბრუნდი გამარჯვებული. ვარ 7 გრანპრის მფლობელი. თბილისის ერთ-ერთ ფესტივალზე დამაჯილდოვეს საუკეთესო პატრიოტული სიმღერის შესრულებისათვის. ამ დიპლომს ხელს აწერენ ეთერ კაკულია, გურამ ჯაში და სხვა ცნობილი არტისტები. სომხეთის დედაქალაქ ერევანში (2019 წ.ნოემბერი), საერთაშორისო კონკურსზე მე წარვსდექი ორ ამპლუაში,– როგორც მსახიობი და როგორც მომღერალი (სოლისტი). ორივე ნომინაციაში ავიღე პირველი ადგილი და ორი ოქროს მედალი. ამჟამად მიწვეული ვარ პარიზის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 22 მარტს, ლევილში.

– მომღერალი, რომელთანაც დუეტის შესრულებას ისურვებდი?
– დუეტს სიამოვნებით შევასრულებდი ლუჩიანო პავაროტისთან.
– როგორც ვიცი, რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ?
-დიახ. ვუკრავ გიტარაზე, ტამტამზე, დოლზე პროფესიონალურად. შემიძლია ასევე დავუკრა ფანდურზე, და ფორტეპიანოზე.
– რაც შეეხება შენს თეატრალურ ნიჭს?
– საერთოდ არ მეგონა, რომ სიტყვა მსახიობი ჩემთან, რამე კავშირში იქნებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სასახლეში დრამატული სტუდიის ხელმძღვანელმა ნონა ტოტოჩავამ “აღმომაჩინა” და როლზე დამამტკიცა. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო “დარისპანის გასაჭირი”, რომელმაც ხალხისგან დიდი მოწონება და სიმპათიები დაიმსახურა.
– რა როლი უჭირავს შენს ცხოვრებაში მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს?
– როგორც გითხარით, 5 წლიდან დავდივარ მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში და ჩემი ცხოვრების ლამაზი დღეები აქ მაქვს გატარებული. სასახლე ჩემთვის მეორე სახლია. მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ჩემზე დიდი ამაგი აქვს გაწეული ქალბატონ ჯენეტ ქვარცხავას, ბატონ გურგენ სამუშიას და სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინელი ჭითანავას.
– ვინ არის შენი გულშემატკივარი?
– ჩემი გულშემატკივარია ჩემი ოჯახი. პირველად მამაჩემი მასწავლიდა სიმღერას. ის მეუბნება, რომ სანამ ლაპარაკს ვისწავლიდი უკვე ვღიღინებდი. დედა, არის ის ადამიანი, რომელმაც პირველად მიმიყვანა სასახლეში. ასევე მყავს ორი და. ისინი ჩემზე უფროსები არიან. ჩემი უფროსი და სწავლობს სამედიცინოზე, სწორედ ამიტომ, მინდა მეც ამ სფეროს დავუკავშირო მთელი ჩემი ცხოვრება. ვაპირებ სწავლა გერმანიაში გავარძელო და ევროპული განათლებით დავუბრუნდე ჩემს ქალაქს.
– წარმატებებს გისურვებ.
– მადლობა “ზუგდიდელებს”.

ეკა ფარულავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!